ეკატერინე ბასილაია
18.01.2019

 15 იანვარს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის დადგენილება ადუაშვილს კლინიკაში გააცნეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

საქმე ეხება 15 იანვარს, საღამოს ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას, რა დროსაც ორი ახალგაზრდა დაიჭრა. ზურაბ კუჭავას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება, ხოლო გიორგი ადუაშვილს ცივი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს. ის ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში 30 წლის გიორგი ადუაშვილმა, ვინც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 31 წლის ზურაბ კუჭავას ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ადუაშვილი დააკავა. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ და დუმილის უფლებას იყენებს.

პოლიციამ დააკავა მისი მეგობარი კონსტანტინე ჯორბენაძეც, ვისაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გამოძიებამ გამოკითხა დაპირისპირებული მხრიდან დაჭრილი ზურაბ კუჭავაც, თუმცა ის 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას შეკითხვები აქვს "ქართული მარშის" ყოფილ ლიდერ გია კორკოტაშვილის შვილ ვაჟა კორკოტაშვილთან. სამართალდამცველების ვერსიით, ის 15 იანვარს ვერაზე მომხდარ ინციდენტს შეასწრო.

გია კორკოტაშვილი მომხდარ სროლაში თავისი შვილის მონაწილეობას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ზუკა კუჭავა თავისი შვილის ბავშვობის მეგობარია.

ერთი ვერსიით, ეს დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭურისა და მასთან დაპირისპირებულ თორნიკე კაჭარავას კონფლიქტს უკავშირდება და ეს კვლავ ორ დაჯგუფებას შორის სისხლიანი გარჩევის გაგრძელებაა, რადგან ადუაშვილი კაჭარავას მეგობარია, კუჭავა კი, სავარაუდოდ, გოგოჭურის.

ამჟამად გოგოჭურიც და კაჭარავაც პატიმრობაში არიან. მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. სასამართლომ გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

19 დეკემბერს დააკავეს დავით კაჭარავა, ვისაც უწყება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შსს-ს ცნობით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დავით კაჭარავასა და ორ პირს შორის, რა დროსაც კაჭარავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქმის მთავარი მონაწილეები - გიორგი ადუაშვილი და ზურაბ კუჭავა 14 იანვარს ყოფილი მორაგბის, ახლა კი საკრებულოს დეპუტატ ირაკლი აბუსერიძის მამის გასვენებაში ერთად იყვნენ. შემდეგ ესტუმრნენ მეგობარ ვაჟიკო კორკოტაშვილს და პირველი უთანხმოებაც შანიძის ქუჩაზე მოუვიდათ.

"კურიერს" წყარომ პოლიციიდან უთხრა, რომ გოგოჭურისა და კაჭარავას ციხეში ყოფნის დროს მათმა მეგობრებმა ერთმანეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტეს, თუმცა დიდი შერიგება არ შედგა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, გოგოჭური-კაჭარავას სამეგობროს ე.წ. რაზბორკები ვერაზე გურგულიას ქუჩაზე ჰქონდა.

წყარო ამბობს, რომ ადუაშვილს ჭრილობები ზურაბ კუჭავამ მიაყენა, რომელსაც შემდეგ ავტომობილით მიმალვა უნდოდა, თუმცა ადუაშვილი მას სხვა მანქანით დაედევნა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ტატიშვილის ქუჩაზე ბევრმა დაინახა.

სისხლიანი გარჩევის საქმეზე გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე. ის სამი დღეა, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მკურნალობს.

ადუაშვილის ადვოკატი ზაზა მესხი ამბობს, რომ ადუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

კონსტანტინე ჯორბენაძეს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. მისი ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იმყოფებოდა ადუაშვილთან ერთად და დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილი ბრალი რეალობას აცდენილია.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვერსიების მიუხედავად, ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევის ზუსტი მიზეზი უცნობია. თვითმხილველების ნათქვამიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯერ იყო ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც, სავარაუდოდ, ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი დაჭრილმა ადუაშვილმა ცეცხლი გაუხსნა ზურაბ კუჭავას მანქანას. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე ფილარმონიასთან დაპარკინგებულ ავტომობილს შეეჯახა. მედიაში ასევე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადმორბის დაძრული მანქანიდან, სავარაუდოდ, ზურა კუჭავა და გზას ფეხით აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×