ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის კრიტიკასა და ბრალდებებს პასუხობს და ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მეუფე პეტრე მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამტკიცებას მეუფე სპირიდონისაგან მოითხოვს.
მეუფე პეტრეს თქმით, მეუფე სპირიდონი უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩნეს, რითაც თავად ახდენს კათოლიკოს პატრიარქის დისკრედიტაციას.
ცნობისათვის, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა 15 იანვრის ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავას მისამართით საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა.
„პატრიარქს ვინც ებრძვის, ყველა თავის თავს უშავებს. სამარცხვინოა, კაცო, ისო, დაიმსხვრა მითიო, რომ პატრიარქი მწყემსი კეთილიაო. გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო?
„როგორ გითხრა ახლა - არაფერი არ იქნებოდი საერთოდ, ნოლი იქნებოდი საერთოდ, ვინ იცის, სად იქნებოდი. პატრიარქმა კაცი გაგხადა და შენ ებრძვი პატრიარქს? ვინა ხარ, რას წარმოადგენ საერთოდ. ქამი ხარ, რაც ქამმა გააკეთა, იმას აკეთებ შენ. შენ თუ არ მოტრიალდები და არ შეინანებ, ზუსტად იგივე გახდები. ქამის შთამომავლობა გახდა ზანგები და ვინც შენ აგყვება, ისინი გაშავდებიან.
„შენ უნდა გიხადონ პანაშვიდი ცოცხლებისთვის, ყველა სასულიერო პირმა, ვისაც შენ უყვარხარ, იმიტომ რო დაღუპული ხარ შენ. საწყალი და საწყალობელი ხარ შვილო, შენ," - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ 28 დეკემბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ." მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პატრიარქმა საუბარი არ ისურვა. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მეუფე სპირიდონის უკმაყოფილება.