თამარ შუკვანი
18.01.2019

 „ბესელიას, ალბათ, დაუძახებენ. ჯერ კომისიას მუშაობა არ დაუწყია. ეკა აუცილებლად უნდა იყოს ამ კომისიაში," - მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჯერ კიდევ არ მიუწვევიათ, რასაც „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი ასე გამოემხაურა.

ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ მოსაწვევი ჯერ არ მიუღია. ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ბესელიას თქმით, მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას გრძნობს და ამასთანავე, იმედს იტოვებს, რომ ჯგუფში ყველა დეპუტატს მიეცემა მუშაობის შესაძლებლობა.

„ყველამ მიიღო, ვინც იყო აქამდე, როგორ მითხრეს. მათ შორის, როგორც ვიცი, კიდევ ვიღაცები დაემატნენ, მაგრამ არ მიმიღია მე და არც ჩემი აპარატის მოწვეულ სპეციალისტს, ელენე სიჭინავას, რომელიც ასევე თავიდანვე იყო ჩართული ამ სამუშაო ფორმატში.

„რაღაც დისკრიმინაციულ მიდგომას ჰგავს და მე იმედი მაქვს, რომ შეხვედრის გადაწყვეტამდე, თარიღის გადაწყვეტამდე დრო არის იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ინფორმირება, ჩემიც, მათ შორის," - აცხადებს ეკა ბესელია.

შოთა ხაბარელს მიაჩნია, რომ ბესელია ამ სამუშაო ჯგუფში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ეს ჯგუფი თავად ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა.

„მგონია, რომ სხვისი აზრიც ასეთი უნდა იყოს, რადგან ეკა იყო ამ კომისიაში, ეს ჯგუფიც მისი ინიციატივითაა შექმნილი და აქედან გამომდინარე, არ იქნებოდა ცუდი მისი მოსაზრებების გაზიარება," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ეკა ბესელიას თქმით, „სპეციალური ნებართვები და საშვები" არ სჭირდება და ასევე, იგი ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნას არ გამორიცხავს.

„მე მის სამდივნოს მივწერე და შევახსენე, ხომ არ გამორჩათ რაიმე. იმედი მაქვს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება არ გახდება საფუძველი, რომ ჩემს ამ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით უხერხული გადაწყვეტილება მიიღონ.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სპეციალური ნებართვები და საშვები მე არ მჭირდება, მაგრამ არსებობს ეთიკისა და კორექტულობის ფარგლები, სადაც უნდა მოხდეს თანამშრომლობა. პარლამენტში ყველა დეპუტატს თანაბარი მანდატი აქვს და საჭიროა ყველა დეპუტატს მივცეთ შესაძლებლობა, ვისაც პროცესის მიმართ აქვს ინტერესი. პრობლემა სხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა არ არის", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×