H1N1-ით, ანუ ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა ოფიციალურმა რაოდენობამ დღეის მდგომარეობით 18 ადამიანი შეადგინა. დაღუპულთა რიცხვის მატების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამტკიცებს, რომ ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. წითელაზე აცრა კი ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდება.
ღორის გრიპით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. აქ 41 წლის მამაკაცი დაიღუპა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა.
„მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი. H1N1-ის ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა - კლინიკაში გრიპის დაწყებიდან მე-6 დღეს შევიდა. ჰქონდა ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება, თუმცა ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ",- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან გვექნება საქმე, თუკი 100 ათას მოსახლეზე 450-დან 500 შემთხვევა იქნება დაფიქსირებული.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია, რომლის უმეტესობა H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, და ეს უკვე არის ეპიდაფეთქება.
მისივე თქმით, წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება. ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა და დღეს საღამოდან ამოქმედდება.
"დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება.
გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.