ელზა პაპოშვილი
18.01.2019

თბილისის პოლიციამ პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდ დიღომშიბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა.  ამ დრომდე პოლიციაში  სხვა პირების დაკითხვაც გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე  პირთა წრეც გაიზარდოს.  

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია მოცემული, შესაძლოა დაკავებულ პირთა წრეც გაიზარდოს. სამშენებლო კომპანია ”L ჯგუფის” ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი  გიორგი ჭანტურიაც დააკავონ.  ადვოკატს და ჭანტურიას ეს ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაკითხვისას გამომძიებელი ცდილობდა, რომ ჯოხი მასზე გადაეტეხათ. 

„არ გამოვრიცხავ, რომ ასევე ამ დანაშაულის მიბმა სამშენებლო კომპანიაზეც მოხდეს. ამის ეჭვი მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც დაკითხვისას გამომძიებელმა კითხვები დასვა. ის ცდილობდა გაერკვია, გაზის ქსელის კორპუსში შეყვანისას თავად კომპანიის დირექტორი ხომ არ ხელმძღვანელობდა და მითითებებს ხომ არ აძლევდა. მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელობის გადაბრალება  ჭანტურიაზე სურდათ. თუმცა მან ყველაფერს  ამომწურავი პასუხები გასცა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ კობაიძე. 

ადვოკატი „ყაზტრანსგაზს“ მოუწოდებს, რომ  დაიწყოს დიალოგი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან, თუ არა და „ყაზტრანსგაზსს“ ზარალის ანაზღაურების მიზნით მოსახლეობა უჩივლებს. 

ენერგოომბუდსმენი კი  საქმის მასალების შესწავლას იწყებს. სალომე ვარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროფესიონალიზმს ან სამსახურებრივ გულგრილობას. 

„საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ დაადგინეს არსებული საფრთხის წყარო, შესაძლოა, აქ ადგილი ჰქონდა არაპროფესიონალიზმს ან გამოუცდელობას მათი მხრიდან, ან საქმიანობის გულგრილ განხორციელებას, ასეთი სურათია სავარაუდოდ. ჩვენ ყველა ტიპის დოკუმენტს გამოვითხოვთ კომპანიიდან და მივიღებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ათი სამუშაო დღე, ამის შემდეგ შევეცდებით სურათის გაანალიზებას,“- ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. 

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“  კი ბრალდებუს საპასუხოდ გაცხადებს ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"16 იანვარს, 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.  აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია" - ნათქვამია "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×