"თუ რამენაირად ბატონმა კობახიძემ გაიმარჯვა, ჩათვალეთ, რომ ის აღარ იქნება კობახიძე, ის უკვე ოფიციალურად უნდა ჩავინიშნოთ, როგორც კობახიძე-ივანიშვილისა. ეს გვარი მან უსათუოდ უნდა მიიწებოს," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა.
მოსამართლეების გამწესების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია არ მიიწვიეს.
უმრავლესობაში კობახიძე-ბესელიას შორის არსებული დაპირისპირება სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას უკავშირდება.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფში მისი არმიწვევა დისკრიმინაციულ მიდგომას ჰგავს და იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრის დაწყებამდე მას მოწვევა გაეგზავნება.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, თუკი ბესელიას სამუშაო ჯგუფში არ მიიწვევენ, უმჯობესი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც სახლში დარჩეს.
"უპრიანი იქნებოდა, რომ თუ ქალბატონ ეკას არ მიიწვევენ, მაშინ ბატონი ირაკლიც სახლში უნდა დარჩეს. რასაკვირველია, ამას აჯობებდა ის, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპიკერს უკეთესად შეესწავლა შესაძლებლობა იმისა, რომ მას კეთილი წარსულის სახით ეგრძნო საკუთარი თანამდებოდა, რისი შესაძლებლობაც ახლა უკვე შეუძლებელია და უხერხულია. მე, მაგალითად, მეცოდება ჩვენი სპიკერი, რომელმაც საკუთარ თავში ვერ მოირგო ისეთი ძალა, რომ არ დამსგავსებოდა ყმას. ვის ყმას, ამას მკითხი თვითონ მიხვდება," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფაშისტებად წარმოჩენისთვისაც საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს. მანვე აღნიშნა, რომ თუკი უმრავლესობის ამ დაპირისპირებაში ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა მაშინ მას უნდა მიეწეროს ივანიშვილის გვარი და გახდეს "კობახიძე-ივანიშვილისა".
"ჩემი აზრით, ქალაბტონ ეკას არაფერი ექნება სათქმელი ბატონი სპიკერისათვის, რადგან მას მხარს უჭერს უამრავი რაოდენობა გონიერი ქართველებისა და მთლიანად არა მხოლოდ პარლამენტის სივრცეში, არამედ, რასაკვირველია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მეც წარმოვადგენ. ვიდრე დაიწყებს ასეთ თემებზე საუბარს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ საჯარო ბოდიში უნდა მოუხადოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოაჩინა, როგორც ფაშისტები.
ჩემი აზრით, თუ რამენაირად ბატონმა კობახიძემ გაიმარჯვა, ჩათვალეთ, რომ ის აღარ იქნება კობახიძე, ის უკვე ოფიციალურად უნდა ჩავინიშნოთ, როგორც "კობახიძე-ივანიშვილისა". ეს გვარი მან უსათუოდ უნდა მიიწებოს," - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო. ცისკარიშვილს კი ეჭვი ეპარება რომ მმართველი გუნდის ხელში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევისას ჭეშმარიტებამდე მივალთ.
"თებერვლისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ იყოს ჯანსაღი მსჯელობა და შედგეს დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის სქემა. ეჭვი მეპარება, რომ მივიდეთ სრულ ჭეშმარიტებამდე იმ სივრცეში, რასაც ჰქვია "ოცნება" ოღონდ არა "ქართული", არამედ "რუსული", რომელიც ორივე დღევანდელ პარლამენტში ზეიმობს, რადგან არავის მოსვლია თავში, რატომ მიანება სავარძელი უმაღლესი თანამდებობის ქალბატონმა, რომელიც იყო პარლამენტის მიერ მიწვეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და რა იყო მიზეზი იმისა, რომ მან პრაქტიკულად ზურგი შეაქცია არა მხოლოდ სასამართლოს მოსამართლეებს, არამედ მთლიანად დღევანდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ცისკარიშვილმა.