ორი დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 16 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანია. ასევე, დაშავდა 8 ადამიანი.
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საფრთხე საკმაოდ მაღალია, ეს იქნება ადამიანის მოწამვლისა და გაგუდვის თუ აფეთქების შემთხვევები, - ფაქტია, რომ შედეგი, ყოველთვის, ერთი და იგივეა, - იგი საბოლოოდ, ფატალური შედეგით სრულდება.
ამიტომაც, დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ იმ შემთხვევაში თუკი, სახლში ან სადარბაზოში გაზის სუნი გვცემს, - ამის შესახებ სპეციალისტები გვაფრთხილებენ.
ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე დღეს, საღამოს 18:00 საათზე გორში, ცხინვალის გზატკეცილზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა და 66 წლის მამაკაცი დაშავდა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც გაზის გამათბობელი გვაქვს სახლში? - რჩევებისა და რეკომედაციების შესახებ საუბარია „იმედის დილის" გადაცემაში:
1. გაზის მოწყობილობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე დიდი ხნით გამორთული იყო, საჭიროებს პროფილაქტიკურ შემოწმებას.
2. ნუ მიანდობთ გაზის შემოწმებას ან მონტაჟს პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.
3. დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, ან ის მილები, რომელშიც გაზმა უნდა გაიაროს, არის თუ არა გამტარიანი.
4. აკრძალულია გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი.
5. აკრძალულია, გაზის მოწყობილობის გამოყენება, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს ოთახიდან იღებს. წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება.
6. არ დაამონტაჟოთ გაზგამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისთვის.
7. გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ოთახი ხშირად გაანიავეთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ გაზის გაჟონვის დროს? რა უნდა გავაკეთოთ იმ მომენტში, როდესაც ვგრძნობთ მოწამვლის ნიშნებს, ან მოვხდით ისეთ ადგილას, სადაც აღინიშნება გაზით მოწამლის ფაქტი?
1. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
2. გაანიავეთ ოთახი
3. ავადმყოფი გამოიყვანეთ საშიში ზონიდან
4. დაალევინეთ მაგარი ყავა, ჩაი
5. არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრო მოწყობილობები.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნება, რაზეც რეაგირება საზოგადოებისა და შემდეგ, შესაბამისი უწყებების, აუცილებელია. გაჟონვა შეიძლება გამოწვეული იყოს, რომელიმე ბინაში, თუნდაც არასწორად დამონტაჟებული მოწყობილობიდან.
ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბუნებრივი გაზი, რომელიც პოლეითილენის მილებშია გაყვანილი, ადვილად აალებადია და ასევე, ადვილად იწვება, რაც საბოლოოდ აფეთქებით სრულდება.