ტურისტებმა საახალწლო ჯავშნებიც კი გააუქმეს
მარი ჩიტაია
18.01.2019

 ღორის გრიპმა ტურიზმის სექტორს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ახალი წლიდან მოყოლებული, ტურისტები, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჯავშნებს მასიურად აუქმებენ. სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ დამსვენებლების სიმცირეა, რადგან ღორის გრიპის შიშით ისინი საქართველოში დასვენებაზე უარს ამბობენ. საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი აქტიურად ეწევა ანტიქართულ კამპანიას და მოსახლეობას აფრთხილებენ ყველა შესაძლო რისკზე, რაც შეიძლება მათ საქართველოში დასვენების შემთხვევაში შეიძლება შეექმნათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ღორის გრიპის გამო პოსტსაბჭოთა სივრცე საქართველოში სტუმრობისგან თავს იკავებს. მოგვიანებით მან "რეზონანსს" დაუდასტურა, რომ ქვეყანაში ტურისტების სერიოზული კლებაა და ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია. 

"ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან. ამ ეტაპისთვის ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია. შეიძლება ითქვას, რომ ღორის გრიპმა ტურიზმს დიდი ანტირეკლამა გაუკეთა. ამისთვის რუსულ საინფორმაციო საშუალებებს თავი არ დაუზოგავთ. 

ფაქტობრივად, ყველა რუსული საინფორმაციო არხში გადაიცემა ინფორმაცია, რომ საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემიაა, რომ აქ ლუგარის ლაბორატორიაა და ავრცელებენ ვირუსებს და ამიტომ არ უნდა დაისვენონ ქართულ კურორტებზე, რითაც დამსვენებლები დააფრთხეს. შესაბამისად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები ამ აგიტაციას აყვნენ და ზედიზედ გააუქმეს ჯავშნები. აშკარაა, რომ ისინი რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ითვალიწინებენ და დასასვენებლად არ ჩამოდიან. ამ ეტაპზე კი ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა განახევრებულია, სასტუმროებში ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა", - განუცხადა "რეზონანსს" ალავერდაშვილმა. 

დამსვენებლების მასშტაბურ კლებაზე საუბრობენ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებიც. თუმცა მათთვის, რეალური მიზეზი, თუ რატომ აუქმებენ ტურისტები ჯავშნებს, უცნობია.

გუდაურში მდებარე სასტუმრო , "თრუსოს" წარმომადგენელმა ლევან კარიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტურიზმში წლევანდელი სეზონი წარუმატებელია.  

"ახალი წლიდან მოყოლებული, ტურისტებმა ჯავშნებს აუქმებენ, საკმაოდ შესამჩნევი ტენდენციაა. მათ ზუსტად არ უთქვამთ, რამ განაპირობა გადაწყვეტილება, მიზეზი არ განუმარტავთ. შესაბამისად, გამიჭირდება თქმა, თუ რა გახდა დამსვენებლების შემცირების მიზეზი, მაგრამ ფაქტები იყო და საკმაოდ ბევრიც. ისინი, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან. არ ვიცი, ღორის გრიპმა დააფრთხო თუ სხვა არგუმენტიც აქვთ, არაფერს გამოვრიცხავ. 

ჩემი სასტუმრო არ არის დიდი, მაგრამ კლიენტების საგრძნობი კლებაა, შარშან ამ დროს გაცილებით მეტი დამსვენებელი გვყავდა. პერიოდულად არის ხოლმე ჩავარდნა, მაგრამ ახლა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ტურიზმისთვის ეს სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ასეა, შეიძლება, ვითარება გამსოწორდეს, არც ეს არის გამორიცხული", - ამბობს კარიკაშვილი. 

ანალოგიური მდგომარეობაა სვანეთშიც, სადაც ტურისტების სიმცირეზე ჩივიან. იმ სასტუმროებში, სადაც წინა წელს ტურისტეის ტევა არ იყო, წელს დამსვენებელი თითქმის არ ჰყავთ.

სასტუმრო "ლილეოს" წარმომადგენელმა ტარიელ ნიგურიანმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ტურისტებმა საახალწლო ჯავშნებიც კი გააუქმეს.

"მიმდინარე სეზონზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი დაგვაკლდა, მაგრამ მიზეზს ვერაფრით ავხსნი. როცა ადამიანი გეუბნება, რომ არ სურს დასვენება და ჯავშანს აუქმებს, მიზეზის ძიებას აზრი არ აქვს, ყველაფერი ისედაც ნათელია. შეიძლება ეს მართლაც უკავშირდებოდეს ღორის გრიპს, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, რომ პრობლემაა. საახალწლო ჯავშნებიც კი გაუქმეს, მიმდინარე პერიოდიც რთულია. 

ახლა თითქმის აღარ არის დამსვენებელი და თებერვლამდე არც ველოდებით. შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი და მოლოდინია, დანამდვილებით თქმა გამიჭირდება", - აღნიშნა ნიგურიანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×