ტატა შოშიაშვილი
19.01.2019

 რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს „ისკანდერის" ტიპის სარაკეტო სისტემა გადაისროლა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 430 კმ-შია განთავსებული. ამის შესახებ, სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, ამერიკული „ფოქს ნიუსი" იუწყება.

„რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ეს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ცნობილია, რომ სურათები კრასნოდარის ოლქის თავზე 17 იანვარს იქნა გადაღებული, ხოლო უკრაინის საზღვარსა და სარაკეტო კომპლექსებს შორის მანძილი ისრაელის კომპანია „ImageSat International"-მა განსაზღვრა, რომელიც კოსმოსიდან დედამიწისთვის გადაღებულ, მაღალხარისხიან ფოტოსურათებზე სპეციალიზირდება.

ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ფოტოსურათებზე ჩანს, რომ რუსული რაკეტები განლაგებულია საწყობი ფარდულებისა და რამდენიმე ბუნკერის გვერდით. ერთერთ სარაკეტო სისტემასთან განლაგებულია მობილური სისტემა, რომელსაც გააჩნია სწრაფად გადატვირთვის შესაძლებლობა, რა დროსაც ახალ რაკეტებს ამატებს სისტემას.

„ისკანდერის"მოქმედების რადიუსი 500 კმ-ია.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ბირთვული რაკეტების უკრაინისკენ მიმართვა რუსეთის მანევრია, რომელის მეშვეობითან უკრაინის დაშინებას ცდილობს:

არსებობს ასეთი სამხედრო თეორია - ბირთვული დაშინების სტრატეგია. ასე რომ, ეს არის რუსეთის მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების კონკრეტული და რეალური ფაქტი. „ისკანდერი" - ეს არის დარტყმითი ტიპის შეიარაღება, სტრატეგიული შეიარაღების კომპონენტია და, რა თქმა უნდა, მათი განლაგება უკრაინის საზღვართან ახლოს ქვეყანაზე ერთგვარი ზეწოლის ფაქტია", - აღნიშნა ექსპერტმა.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, შესაძლებელია, რომ რუსეთის ეს ქმედება პირდაპირ იყოს დაკავშირებული უკრაინაში 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომელისთვის მზადება ქვეყანაში უკვე დაიწყეს:

„მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ ერთერთი საინტერესო მომენტი ისაა, რომ, როგორც ჩანს, რუსები ითვალისწინებენ, რომ უკრაინაში უკვე დაიწყო საპრეზიდენტო მარათონი და, შესაძლოა, ცდილობენ, რომ გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ ამ არჩევნების შედეგებზე.

„შესაძლოა ასევე ისიც, რომ რუსეთი სამხედრო პროვოკაციების მოწყობას ცდილობს უკრაინაში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში", - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×