პოლიტიკური ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პოლიტიკა ქუჩური გარჩევების სივრცე არ არის და მსგავსი ქმედებები არაეთიკურია. ასეთი შეფასება მან დედაქალაქის მერ კახა კალაძის გაცხადებასა და ამაზე ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის პასუხზე საუბრისას გააკეთა.
„ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს, შეუძლიათ მთაწმინდაზე აბრძანდნენ და იქიდან გამოექანონ", - კალაძის ამ განცხადებას პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რასაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის „ფეისბუქ" გვერდზე უპასუხა: „ოეეე, კალა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან".
„რეზონანსი": ეთიკური თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით თბილისის მერის განცხადებას?
ვახტანგ ძაბირაძე: ამ მხრივ თუ ვიმსჯელებთ, საჯარო სივრცეში ამგვარი განცხადებების გაკეთება მგონია, რომ არის დიდი შეცდომა. მითუმეტეს,როდესაც საქმე ქალაქის მერს ეხება, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.
როდესაც ადამიანს აქვს პრეტენზია ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერობაზე, მას შესაბამისი ლექსიკაც უნდა გააჩნდეს. შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილს ასეთი თამამი განცხადება მოსწონს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც გადაწყვეტილებას არ ღებულობს ქვეყანაში. ჩემი შეფასებით, პოლიტიკოსების მსგავს თემებზე საუბარი არის ყოველგვარი მორალური საზღვრის დარღვევა.
„რ": და ამ თემასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურებაზე რას გვეტყვით?
ვ.ძ.: მიხეილ სააკაშვილს ვინმეს მილანში თმის შეჭრა გაუკვირდა? ან უხეში გამონათქვამები? თვითონ დახვეწილი ლექსიკით გამოირჩეოდა, თუ შეურაცხყოფას არ აყენებდა არავის? ეგ არ იყო ჩარეცხილებზე რომ ლაპარაკობდა და ამხელა შეურაწყოფა მიაყენა ხალხს? მისი მოღვაწეობიდანაც ბევრი უპატივცემულობა შეიძლება გავიხსენოთ. გამომდინარე აქედან, მისგან მსგავსი შენიშვნა საკმაოდ უადგილოა.
„რ": ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების პირადი შეურაცხყოფა ქართულ პოლიტიკაში გაკვეულ ტენდენციად მკვიდრდება?
ვ.ძ.: თუ ქუჩურ გარჩევებზეა საუბარი, მაგისთვის სხვა საუბრები და სხვა სიტუაციები არსებობს, ყველანაირი აფიშირების გარეშე. აშკარაა, რომ პოლიტიკა განსხვავდება საერო ცხოვრებისგან და ის ზრდილობასაც მოითხოვს და ზემოთთქმულ ეთიკურ ჩარჩოებსაც, მაგრამ ასეთი ადამიანები აღარ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში.
თათია გუცაშვილი