მარიამ ხვედელიძე
20.01.2019

 გერმანიის ბუნდერსტაგმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას ითვალისწინებს. თუკი გერმანიის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა, მაშინ გერმანია ევროპის იმ 9 ქვეყნის სიას შეემატება, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს, ისლანდიას, დანიის სამეფოს. ბუნდესრატში კენჭისყრა კი 15 თებერვალს არის დანიშნული.

ექსპერტის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად გრძნობენ, გერმანია მათთვის, როგორც თავშესაფრის საძიებელი ქვეყანა, დაკეტილი იქნება. ზოგადად კი, საქართველოს ეს ფაქტი საშუალებას აძლევს განავითაროს ვაჭრობა და ტურიზმი, მოიზიდოს ინვესტიციები.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ წინააღმდეგ არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ტიპის დისკრიმინაცია და მიაჩნიათ, რომ გერმანია არის ის ქვეყანა, სადაც მათ შეუძლიათ მოიპოვონ თავშესაფარი და უსაფრთხოდ და დაცულად იცხოვრონ, მათ ეს შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

„გერმანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მარტო საქართველოზე, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყნებზე: მაროკოზე, ტუნიზე და სხვა. ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს აღარ ეექნებათ უფლება რომ თავშესაფარი მოითხოვონ. გერმანიამ ეს ქვეყნები სიაში შეიყვანა სწორედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ჩადიან გერმანიაში და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, ბოლო პერდიოდში მკვეთრად გაიზარდა.

„ადამიანებისთვის, რომლებიც თავს გრძნნობენ დისკრიმინებულად, რა თქმა უნდა, არის პრობლემური. მათ მოუწევთ ევროპის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის ძებნა. მაგრამ რეალურად საქართველოს მთავრობას შეუძლია გამოიყენოს ეს სტატუსი იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა, მეტი ტურისტი და მეტი რეზიდენტი იყოს, რომელიც მზად არის, რომ ევროპის ქვეყნებიდან მოვიდეს საქართველოში, იქნება ეს საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სხვა.

„საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს გერმანულ მხარესთან ერთად და მიიღოს კონრეტული შედეგი და არ ჩაიაროს უშედეგოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

„საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ყველაფერი დალაგებული აქვს - ბიზნესი თუ სხვა - რა თქმა უნდა, მათ აძლევთ საშუალებას, რომ თავისუფლად და წარმატებულად აწარმოონ თავისი საქმე", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×