რეზონანსი
20.01.2019

 (რეზონანსი) ყაზტრანსგაზის დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ სასამართლო დარბაზშივე დაადეს ხელბორკილები და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბრალდებულები ტატიშვლი და მამადიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წარდგენილ ბრალს, სამსახურებრივ გულგრილობას არ ეთანხმებიან.

პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატები მამადიანისთვის 50-ათასიან, ტატიშვილისთვის კი 10 ათასლარიან გირაოს ითხოვდნენ.

ტატიშვილსა და მამადიანს გამოძიება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო სხდომაზე რეპლიკის დროს ბრალდებულებმაც ისაუბრეს. მათ გაიხსენეს შემთხვევის დღე და განმარტეს, რომ გამოძახებაზე მისულებს გაზის სუნი არ უგრძვნიათ. მამადიანი ვარაუდობს, რომ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ აპარატით შეამოწმეს ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი და შემოწმება 20-დან 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

შსს-მ დიღომში აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, 28 წლის თორნიკე ტატიშვილი და 62 წლის ვაზელ მამადიანი 18 იანვარს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×