ელზა პაპოშვილი
20.01.2019

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ევროპის ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაშავდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მსაჯის დაწერილი ქულა გახდა, რამაც მოჭიდავის უკმაყოფილება და გულშემატკივრების დაპირისპირება გამოიწვია.  

თუმცა, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს, როცა მის ძმას, რომელიც იმ მომენტში მისი სეკუნდანტი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, გულშემატკივარი გაშველებას ცდილობდა და არა ერთმანეთს უპირისპირდებოდა. 

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ყველა მოჭიდავეს მოუწოდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მათ ფედერაციაშია გამეფებული ხმა ამოიღონ. ზურაბ დათუნაშვილი „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს  და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ხოლო მასთან მყოფმა პირებმა მის ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

გარდა ამისა, დათუნაშვილი სხვა პრობლემებსა და უსამართლობაზეც საუბრობს, რომელიც ხდება ჭიდაობის ფედერაციაში.  

„როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა, ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს. 

„მინდა ყველას, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, გულშემატკივარს, ფედერაციის ზემდგომ ორგანოებს მოვუწოდო, დავდგეთ ერთად და ჭიდაობის სამყაროში დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც სუფევს. 

„ახლა კვლავ დუმილი არის დამღუპველი, ახლა გაჩუმებით ფაქტობრივად იმ მეთოდებზეც მწვანეს ვუნთებთ, რაც ჩემს მიმართ ამდენი გულშემატკივრის თვალწინ უკვე გამოიყენეს. აქამდე მიგვიყვანა სწორედ ამდენმა დუმილმა და ერთმანეთის ლოდინმა, რომ საჯაროდ ვინმე სხვა იტყვის, რომ ჩვენს პრობლემებზე ვინმე სხვა ისაუბრებს. ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ჩვენ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჩვენ. პრობლემებზე საუბარი არაა სირცხვილი“, - ვკითხულობთ მოჭიდავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„რეზონანის“ შეეცადა, რომ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად გეგა გეგეშიძეს დაკავშირებოდა. პრესამსახურის უფროსმა  ოთო მაღლაფერიძემ განგვიცხადა, რომ გეგეშიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ გააკეთებს, რადგანაც ამ ეტაპზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს , რათა გაირკვას რეალურად რა მოხდა.

ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება და რაც დადგინდება, გეგეშიძე კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს. მანამდე კი თავად ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.  

„პრეზიდენტი ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შეჯიბრზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზურაბ დათუნაშილი ტურნირიდან მოიხსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა კვლევები მიმდინარეობს და ამ დღეებში ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. 

„რაც შეეხება დათუნაშვილის რაიმე სხვა სახის ჯარიმებს ან დასჯას, ჯერჯერობით არაფერი სხვა პასუხისმგებლობა არ აკისრია. ვნახოთ, ჩვენც ველოდებით შიდა მოკვლევის საფუძველზე რა შეიძლება დადგინდეს“, - აცხადებს მაღლაფერიძე „რეზონანსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის ეკისრება. შსს-ს ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, გამოკითხვაზე არ მივიდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოებების გამოსავლენად ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებენ და ისინი სასამართლო წესით დაიკითხებიან.

მოგვიანებით „რუსთვი 2“-მა ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს სახეში რკინის საგანს და მუშტს ურტყამს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს,  – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო მზად არის, გამოძიების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი კონკრეტული და შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ამ საკითხზე გვქონდა შიდა სამუშაო შეხვედრა. ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი ფაქტები ხდება, რაც ნამდვილად არ შეეფერება ქართულ სპორტს და იმ წარმატებებს, რომელიც გასულ წელს გვქონდა. მართლაც უნიკალური წელი იყო ქართული სპორტისთვის და ასეთი ფაქტები თავისთავად ჩრდილს აყენებს არამარტო იმ სფეროს, სადაც ეს ხდება, არამედ მთლიანად ქართულ სპორტს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაწყებულია. გამოძიების შემდეგ მზად ვართ, რომ ნებისმიერი კონკრეტული და შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა მტკივნეულ გადწყვეტილებაში თანამდებობიდან გათავისუფლება ან ადმინისტრაციული ჯარიმა, მინისტრი აცხადებს, რომ იმოქმედებენ იმის მიხედვით, რა პასუხისმგებლობაც დადგება გამოძიებით.

ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპტიონის ცემის ფაქტს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი აფასებს. „რეზონანსთან“ ხაბელოვი აცხადებს, რომ  მსგავსი ფაქტები დაუშვებელია და ფედერაციის პრეზიდენტებს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება უნდა ჰქონდეს. 

მისი განცხადებით, დაუშვებელია, რომ პრეზიდენტი სახალხოდ და საჯაროდ სპორტსმენს ასე ექცეოდეს. მისი აზრით, აღმასკომი უნდა შეიკრიბოს და მომხდარი ფაქტი განიხილოს. ხაბელოვი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს დასჯის საკითხი გამოიკვეთება, არც ამის პრობლემა უნდა იყოს. 

„თუ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა და რასაც სპორტსმენი საუბრობს რეალობაა, მაშინ სიტუაცია ცუდად არის. არასასიამოვნო ამბავია  და როცა  ასეთი საკითხები ღიად გარეთ გამოდის, საზოგადოება სხვანაირად უყურებს. 

„როდესაც პრეზიდენტი ხარ, თმენის უნარი მეტი უნდა გქონდეს. უნდა შეიკრიბოს აღმასკომი და ეს საკითხი იქ იქნას განხილული. ჯერ საზოგადოებამ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, მე ესე ვფიქრობ და სწორი იქნება. თუ დანაშაულის ფაქტები გამოიკვეთა, ეგ უკვე მეორე ნაწილია და ამასც ყურადღების მიქცევა სჭირდება,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.          

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ მანაც მედიიდან იცის, თუმცა ამბობს, რომ მომხადრის შესახებ ყველა უნდა დაინტერესდეს და სიმართლე დადგინდეს. 

ხაბარელი ამბობს, რომ ეცდება დეტალურად გაარკვიოს რა მოხდა, რადგანაც ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება მოჭიდავეებს ვნებს და ეს ფედერაციის  განვითარებისთვის დამღუპველია.

მისი აზრით, სპორტსმენები, რომლებიც ქვეყნის სასახელოდ თავს დებენ, სხვა ზედმეტი პრობლემებით და შიდა დაპირისპირებებით არ უნდა იტვირთავდნენ. ხაბარელი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება ყოველთვის ყოფილა, თუმცა ეს საკითხები თავად ოჯახის შიგნით გადაწყვეტილა. თუმცა საქმე როცა უკვე სერიოზულ კანონდარღვევებს ეხება, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები აუცილებლად უნდა ჩაერიონ.  

„არც ვეტერანის  და არც მომავალი სპორტსმენების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გამართლებული ვერ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ვინ შეიძლება იყოს. ეს სპორტისთვის კარგი არაფრის მომცემია. 

„აქედან გამომდინარე, იმ პრობლემებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაზეც სპორტსმენი ზურა დათუნაშვილი საუბრობს. აუცილებელია, რომ საქმეში სასწრაფოდ როგორც ფედერაცია, ასევე სამინისტრო ჩაერიოს, რომელიც პოლიტიკას ქმნის და ამ საკითხებზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. 

„რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირების ფონზე ჭიდაობა დაზარალდება და ამას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება. ამიტომაც ვამბობ, რომ სასწრაფოდ ყველა უნდა ჩავერიოთ და გავარკვიოთ რეალურად რა ხდება. ამ საქმის ასე დატოვება არ შეიძლება, რადგანაც ჩვენი ქვეყანა და სპორტის ამ სახეობის მომავალი დაზარალდება“, - აცხადებს შოთა ხაბარელი „რეზონანსთან“. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×