რადგან მაგთიკომის ხელშეწყობით წიგნები ხშირად იბეჭდებოდა, მეშინოდა, რომ შემდეგზე წერისას შემთხვევით რომელიმე არ გამომრჩენოდა. ამიტომ სია ჩამოვწერე. სულ მალე ეს ჩამონათვალი ისე გაფართოვდა, რომ სტატიის მომზადებისას, თავისი მოცულობიდან გამომდინარე, სრულიად გამოუსადეგარი გახდა. ახლა მხოლოდ ზოგადად თუ აღვნიშნავ, რომ მაგთის მხარდაჭერით გამოიცა მხატვართა და არქიტექტორთა ალბომები, მხატვრული და ბიოგრაფიული ლიტერატურა, ისტორიული ნარკვევები, ფოტოალბომები, მოგონებები... დღეს კი მაგთიკომის დახმარებით გამოცემულ წიგნებს კიდევ ერთი ტრიპლეტი - "დე" შეემატა - დათო ევგენიძის სამ პატარა წიგნად გამოცემული ლექსები. "დე" ავტორმა დედას მიუძღვნა, რომელსაც ასე მიმართავდა. საყვარელი სიტყვა "დე" ამავდროულად პოეტის სახელის ინიციალებიცაა.
კრებულის შედგენაზე მუშაობდნენ ნინო ჟვანია (პოეტის მეუღლე) და ხელოვნებათმცოდნე მარინა აბულაძე. თუმცა, როგორც აბულაძე აღნიშნავს, მათთან ერთად წიგნის შედგენაში ლომის წილი დაიდო მაგთიკომის ჯგუფმა და, საერთოდაც, წიგნის გამოცემა გია ჯოხთაბერიძის ინიციატივაა და, ფაქტობრივად, დიდი საჩუქარიც ევგენიძის 60 წლის იუბილესთვის: "პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის დათოს 60 წლის იუბილესთვის გამოცემული წიგნი, რომლის გამოცემის იდეაც წამოვიდა გია ჯოხთაბერიძისგან. როდესაც მან ნახა დათოს ლექსების რაოდენობა, შემოგვთავაზა, რომ გაგვეკეთებინა სამი წიგნი. პირველ წიგნში - "ხმოვანნი და თანხმოვანი" - უფრო შესულია აპოკრიფული სტილის პოეზია - ლექსები, სადაც სიტყვათა და ბგერათა თამაშსა და გადანაცვლებას ვხვდებით. მეორე ნაწილი "ფეისბუკი" ფეისბუკზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ლექსებიდანაა შედგენილი, მესამე კი - BANDენა უფრო მისი პირადი ემოციების გამომხატველი და ამავდროულად უფრო ახალგაზრდული, "ბენდენოვანი" ლექსებისგან შეიკრა. წიგნზე მუშაობას თითქმის 3 თვე მოვანდომეთ, შემდეგ კი გვქონდა ულამაზესი პრეზენტაცია, რომელიც ასევე ულამაზესი "არტ ჰაუსის" უმშვენიერეს სივრცე "პუბლიკაში" შედგა. ყოველივე ამისთვის უდიდეს მადლობას ვუძღვნი გია ჯოხთაბერიძესა და კომპანია მაგთიკომს."
თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ცქერა, არამედ დანახვაც, არა მარტო სმენა, არამედ გაგონებაც, ხოლო მისი შემოქმედება წარმოიქმნება არა ინფორმაციის (ცოდნის, განათლების), არამედ შთაბეჭდილების შედეგად, ღვთივბოძებული მრავალმხრვი ნიჭი კი შესაძლებლობას აძლევს, ეს თავისი შთაბეჭდილებები ხან ლექსად და ხან მუსიკად გადასცეს საზოგადოებას.
თუმცა თავად ამბობს, რომ მხოლოდ მედიუმია - ყველაფერი, ლექსიცა და მუსიკაც უბრალოდ ჩაესმის, ის მხოლოდ იწერს - არც არაფრის შეცვლა სჭირდება და არც რაიმეს დამატება: "ჩემი პოეზიის შესახებ მე არ ვილაპარაკებ, პოეტის შეფასება მკითხველის საქმეა... ეს უკვე მესამე კრებულია. პირველი ორისგან განსხვავებით, მესამე წიგნი ტრიპლეტია - სამი ნაწილისგან შედგება. ტრიპლეტში დაბეჭდილი ლექსებიდან მხოლოდ მეორე წიგნში შესულ ლექსებს იცნობს საზოგადოება მეტ-ნაკლებად, რადგან მათ ფეისბუკზე ვაქვეყნებდი. საერთოდ, ტრიპლეტი იმეორებს ადრე გამოცემული წიგნების დიზაინს - პირველი წიგნი იყო ყუთში ჩადებული და ერქვა 8501 სიტყვა. მეორე წიგნი უკავშირდებოდა ჩემს საქველმოქმედო ღონისძიებებსა და მოღვაწეობას 90-იანი წლების მიწურულს, როცა ვატარებდი უფასო ლექციებს. ეს არის ჩემი პრეისტორია, ერთჯერ პერფომანსისას გამოვიყენე ძველი ფოსტის ყუთები, მე ვიყავი პოსტალიონი (ფოსტის შემდგომი)... ტრიპლეტში (მეორე წიგნზე) შევინარჩუნეთ საქართველოს ფოსტის ლურჯი ფერი, ხოლო მესამე ნაწილი BANDენა - ჩემი განუყრელი აქსესუარის სახელს ატარებს და, შესაბამისად, დათო ევგენიძეს გამოხატავს. სამივე წიგნში შესული ლექსები ახალია, წინა ორ გამოცემას მხოლოდ დიზაინით გამოვეხმაურე.
საერთოდ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გია ჯოხთაბერიძეს. ამ წიგნის გამოცემა არ იყო ჩემი თხოვნა! ეს იყო მისი პირადი ინიციატივა... მადლობა მინდა ვუთხრა არა მარტო ჩემი წიგნის გამოცემისთვის, არამედ, მაგალითად, ხელოვნების უნიკალური მუზეუმისთვის. ეს უდიდესი საქმეა, დიდი ქველმოქმედებაა იმ ქართველი მხატვრებისთვის, ვინც იქ არიან გამოფენილი. უღრმესი მადლობა მას ამ ქველმოქმედებისთვის, სასიკეთო და საქვეყნო საქმეებისთვის," - ამბობს ევგენიძე.
პოეტი მართლაც მკითხველმა უნდა შეაფასოს და მეც, როგორც ერთ-ერთი მათგანი, გაოცებული დავრჩი, როცა ხან მეგონა, ვაჟას ვკითხულობდი, ხან - გალაკტიონს, ხანაც კი - რომელიმე რომანტიკოსს. დათო ევგენიძეს რომელიმე ჟანრის მიმდევრობას ვერ "დააბრალებ". უფრო უნდა ჩათვალო, რომ მთელი ქართული პოეზიიდან რაღაც პოპურის მსგავსი შეადგინეს:
"თუკი არსებობს რაღაც საზღვრები ჟანრებს შორის, მაშინ მე ვარ ხიდი ამ საზღვრებს შორის, რომელიც აერთიანებს ყველა სტილს, ჟანრსა და მიმართულებას," - ამბობს პოეტი.
ხელოვანის თავისუფლებას არ ზღუდავს ტრადიციები. სწორედ თავისუფალი სულის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჯანსაღი დამოკიდებულება თავისი საზოგადოების ტრადიციებისადმი: "მე ყველა ქართული ტრადიციის პატივისმცემელი ვარ - სუფრის წესით დაწყებული და საეკლესიო რიტუალით დამთავრებული - ყველაფერი ჩემი ორგანული ნაწილია, ჩემი სულის თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა, ჩემი ნაწილია, ვცხოვრობ მე ასე".
რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი - ურთიერთდამოკიდებულება: "სცენაზე ვარ ექვსი წლიდან. თითოეული ადამიანი, ვინც დარბაზშია, არის ჩემი თანამოაზრე. ჩემი მსმენელი და მაყურებელი ჩემი თანაავტორებიც არიან, რადგან ბევრი რამ იქმნება ექსპრომტად, სპონტანურად იქვე, სცენაზე."
ადამიანებს აკავშირებს ის, რაც საერთოა... სიყვარული, ტკივილი, სიხარული, სიკეთე და ა.შ.
გამოცემის სამივე ნაწილის წინასიტყვაობა სხვადასხვა ადამიანის დაწერილია და პოეტსაც მრავალმხრივად ახასიათებს.
"მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს ამ წიგნებს და შეაფასოს დათო ევგენიძე - პოეტი!" - წერს პოეტი ტარიელ ჭანტურია წინასიტყვაობაში. უფრო მეტიც, მკითხველთა ფართო წრეს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ამ წიგნებს და დააფასოს დათო ევგენიძის პოეზია.
"დათო ევგენიძე - პოეტი სჯობს დათო ევგენიძე - მუსიკოსს? თუ პირიქით! კითხულობს წიგნის წინასიტყვაობაში ტარიელ ჭანტურია და თავადვე პასუხობს: "ამის გარკვევაზე ფიქრი აბსურდია, ლიტერატურულ-მუსიკალური აბსურდი!
დათო ევგენიძე ჩემი საყვარელი პოეტი და მუსიკოსია!"
ნიშანდობლივია, რომ მეორე ნაწილის წინასიტყვაობა ეკუთვნის თაკო ჩარკვიანს, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს. თავის დროზე, მრავალი წლის წინ, სწორედ თაკოსგან შეიტყო ჯანსუღმა დათოს ლექსების შესახებ და დაბეჭდა დათო ევგენიძის ლექსები ყველასთვის და თავად დათოსთვისაც სიურპრიზად. მანვე დასვა დიაგნოზი: "იგი საოცარი პოეტია!" "ეს ბიჭი პოეტია, თან მაგარი პოეტი! მორჩა და გათავდა - წერტილი!" ჯ.ჩ.
"ის არავის ჰგავს არც ნიჭით, არც აზროვნებით, არც სამყაროს ხედვით, არც ვიზუალით. უფალმა დაანათლა რამდენიმე მუზის მსახურება: კომპოზიტორი, შემსრულებელი, პოეტი, მხატვარი და კიდევ ბევრი სხვა. მისი მუზა გაუხედნავი რაშივით დაქრის უსასრულო სივრცეში. მისი ცხოვრების მამოძრავებელი იმპულსი სიყვარულია, ჩაღვრილი ბგერაში, სიტყვაში, ფერში" - ამბობს მესამე ნაწილის წინასიტყვაობაში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნანა ქავთარაძე.
"მართლაც იშვიათია, ასეთი მრავალმხრივი იყოს ერთ ადამიანში გაერთიანებული ნიჭი. მაგთიკომის მიზანი ამჯერად ამ ნიჭიერი ხელოვანის პოეტური შემოქმედების პოპულარიზაცია იყო. მოხარული ვართ, რომ დათო ევგენიძის ლექსების კრებული მაგთიკომის ხელშეწყობით გამოცემულ ასობით წიგნს შეუერთდა", - აცხადებენ მაგთიკომში.
პროექტები