თამარ შუკვანი
21.01.2019

 „პარლამენტმა თქვა, რომ ეს ხალხი კენჭისყრაზე არ გავიდოდა. ამის მერე დაახლოებით 10 დღე გადის და მოსამართლეები ამბობენ, რომ არ უნდათ მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე განხილული იყოს. ეს მოვლენები თავისთავად რაღაცაზე მიუთითებს; შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უკვე უთხრეს უარი და ახლა თითქოს თავისით გადიან. სინამდვილეში კი, პარლამენტმა უკვე უთხრა უარი. შეიძლება ასეთი გარიგება იყოს - „დაგვანებეთ თავი", - აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ორშაბათს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა პარლამენტს მიმართეს და ითხოვენ, რომ პარლამენტმა მათი კანდიდატურები არ განიხილოს.

ამ გადაწყვეტილებას ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ერთგვარ გარიგებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კანდიდატთა განცხადება დაგვიანებულია, რადგან ამ განცხადებით მოსამართლეებს სულ მცირე, 10 დღით ადრე მაინც უნდა მიემართათ იმისათვის, რომ თუნდაც, რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით ეჭვი არ გაჩენილიყო.

„ეს არის დაგვიანებული განცხადება, რომელიც გააკეთა 10-კაციანმა სიამ ერთად. ეს განცხადება რომ გაეკეთებინათ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის განცხადებამდე და პარლამენტის პოზიციის განცხადებამდე - დაახლოებით 10 დღით ადრე - ეს იქნებოდა ძალიან კარგი და ღირსებული ნაბიჯი, მაგრამ ისინი ჯერ პარლამენტის მხრიდან არაოფიციალურ უარის თქმას დაელოდნენ და შემდგომ გამოვიდნენ, თითქოს უარს ამბობენ, რომ მათი კანდიდატურა იყოს განხილული.

„ამ განცხადებაში არ ჩანს ისინი საბოლოოდ ამბობენ თუ არა უარს საერთოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობაზე. ეს განცხადება ადასტურებს კლანის არსებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 ადამიანი ერთიან განცხადბეას არ დაწერდა, რადგან ჩემთვის წარმოდგენელია, რა საერთო აქვთ ზოგიერთ ამ ადამიანს ერთამენთთან," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×