"კანონში ხვრელი იპოვეს და ლიზინგის საფარქვეშ, ფაქტობრივად, ტელეფონების ონლაინ ლომბარდი შექმნეს"
თამარ მუკბანიანი
22.01.2019

 იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო სფეროს რეგულაციის შედეგად, სხვა პრდუქტებთან ერთად, ონლაინ სესხებით სარგებლობაც შეფერხებულია. ამიტომ კომპანიებმა შემოსავლის ზრდის გზების ძებნა დაიწყეს და კანონში "ხვრელებსაც" მიაგნეს. ერთ-ერთია ლიზინგის საფარქვეშ ტელეფონების ონლაინ ლომბარდის შექმნა. რადგან რეგულირებით არ გამქრალა მოთხოვნა ფულზე, შესაბამისად, გამსესხებლები ფულის მიწოდების გზებს ეძებენ, რომელიც უფრო ძვირია მომხმარებლისთვის, ვიდრე იანვრამდე იყო.

საკრედიტო კომბინაციების ახალი სქემა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" შეისწავლა. ეს ორგანიზაცია რეგულაციის ამოქმედებამდეც აცხადებდა, რომ ფულზე მიწოდების შეზღუდვის შედეგად არაკეთილსინდისიერი გამსესხებლები კანონის გვერდის ავლას შეეცდებოდნენ, რაც დადასტურდა. "ბიზნეს-რეზონანსი" უცვლელად გთავაზობთ "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოკვლეულ რამდენიმე ონლაინ გამსესხებლის მიერ შემუშავებულ გზას, რომელიც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასა და მისგან მეტი სარგებლის მიღებას ემსახურება, თუმცა უკანონოდ ვერ ჩაითვლება.

2019 წლის იანვრიდან ფინანსურ სექტორს სესხების გასაცემად ახალი მოთხოვნები დაუწესდა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-დან 50%-მდე შემცირებაა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, რომლის გაწევაც უწევს მსესხებელს. 2018 წლის რეგულაციამ ონლაინ გამსესხებლების რაოდენობა თითქმის გაანახევრა, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი პარამეტრების დაკმაყოფილება მათ განსაკუთრებით გაუჭირდებოდათ.

იანვრიდან მოყოლებული, ონლაინ სასესხო პროდუქტებით სარგებლობა მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. გამსესხებლები ახლა მუშაობენ სესხის პირობებზე, თუმცა არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც გამოსავალი უკვე იპოვეს და მომხმარებლებს მომსახურებას რეგულაციის გვერდის ავლით, ლიზინგის მეშვეობით სთავაზობენ.

ლიზინგი საიჯარო გარიგებაა, რომელიც ხანგრძლივი მოხმარების საგნის ეტაპობრივად შეძენას გულისხმობს, ანუ განვადების ალტერნატივაა, სადაც საკუთრების უფლება მსესხებელს ხელშეკრულების დასრულების შემდგომ გადაეცემა, ნივთი კი იჯარის მოქმედების პერიოდში მეიჯარის საკუთრებაა.

"ონლაინ სესხი, რომელიც ლიზინგის მომსახურებით მიეწოდება მსესხებელს, იურიდიულად გამართულია, არსებული რეგულაციის გათვალისწინებით, სამართლებრივი დარღვევა არ გვხდება, თუმცა მომხმარებლის ხარჯი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თანხის მიღების წინაპირობაა, საიჯარო (სასესხო) თანხა აღემატებოდეს გირაოში შეთავაზებული ნივთის (უმეტესწილად ტელეფონი) ღირებულებას 10%-ით. ლიზინგის ხელშეკრულება მოიცავს დღგ-ს, რომელიც მსესხებელს საკომისიოსთან ერთად 30 დღეში აქვს დასაფარი. თუ მსესხებელი თანხის დაფარვას 30 დღეში ვერ ახერხებს, ერიცხება გადავადების ღირებულება, რომელიც ძირი თანხის დაახლოებით 27%-ია. მისი გადავადება რამდენჯერმეა შესაძლებელი, შემდეგ ხელშეკრულება ძალას კარგავს და კომპანია იყენებს უაქცეპტო წესით გამოსყიდვის უფლებას, ანუ ითხოვს თანხის სრულად დაფარვას, ან ახორციელებს შეძენილი ნივთის კონფისკაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქემა იურიდიულად გამართულია და კანონს არ არღვევს, ფაქტია, რომ ონლაინ სესხების გამცემმა რამდენიმე კომპანიამ იპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და ლიზინგის საფარქვეშ, ფაქტობრივად, ტელეფონების ონლაინ ლომბარდი შექმნა. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ზე მეტი არ გამოდის, თუმცა, რეალურად, ამ სესხის ერთჯერადი ხარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო. მაგალითად, თუ აქამდე 500-ლარიან სესხში მომხმარებელი ერთ თვეში ზედმეტად მხოლოდ 30 ლარს იხდიდა, ახლა იგივე მოცულობის სესხის მომსახურება ხუთჯერ არის გაძვირებული და თვეში 27% (დღგ-ს ჩათვლით) გამოდის", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

ახალი რეგულაცია სრულად რომ ვერ გააკონტროლებდა საფინანსო სექტორს და დატოვებდა ხვრელებს, ეს ადრევე იყო ცნობილი. ამ მაგალითმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი "კომპანია" საკუთარი შემოსავლის გაზრდის მიზნით იურიდიული ხრიკების გამოყენებას არ ერიდება და მომხმარებლის ჯიბეს კიდევ უფრო მეტად აცარიელებს.

"საზოგადოება და ბანკები" მომხმარებელს ურჩევს, არ ენდონ კომპანიების მაღალხარჯიან შემოთავაზებებს და თავი დაიცვან ფინანსური დანაკარგებისგან. ორგანიზაციის დამფუძნებელ გიორგი კეპულაძის აზრით, რადგანაც სქემაში იურიდიული დარღვევები არ იკვეთება, ახლა მთავარი მომხმარებლის ინფორმირებაა, რათა არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა შეცდომაში არ შეიყვანონ.

"ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით თითქოს ყველაფერი წესრიგშია. წლიური საპროცენტო განაკვეთი, საბოლოო ჯამში, არ მიაღწევს 50%-ზე მეტს, მაგრამ ერთჯერადი ხარჯი გამოდის გაცილებით მეტი, ვიდრე აქამდე. ფაქტია, ეს არის მცდელობა, კანონმდებლობაში გარკვეული ხვრელები იპოვონ გამსესხებლებმა. შეუძლებელია, ისეთი კანონის მოფიქრება, რომელსაც შემოვლით გზას ვერ უპოვიან, მით უფრო, როცა საზოგადოებაში ფულზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს ვერავითარი რეგულაცია.

როცა არსებობს მოთხოვნა, მიწოდების გზების გამოძებნასაც ცდილობენ და, სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება როგორც ასეთი "კომპანიების", ასევე კერძო მევახშეების მხრიდანაც.

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ რთული იქნებოდა მთლიანი საფინანსო სექტორის გაკონტროლება. ყველაზე მთავარი ახლა რეგულაციის ადმინისტრირებაა, მაგრამ რადგან იურიდიულად გამსესხებლები ამ შემთხვევაშიც კი მართლები არიან, რადგან კანონით აკრძალულ საქმიანობას არ ეწევიან, მომხმარებლის ზედმეტი ხარჯებისაგან არიდების მთავარი მექანიზმი დღეს მათი ინფორმირებაა", - აცხადებს კეპულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×