ვირუსების გამო ბოლო 1 თვეში თითოეული ოჯახის ხარჯი 15%-ით გაიზარდა
მარი ჩიტაია
22.01.2019

 საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპის ვირუსისა და წითელას ეპიდემიასთან ბრძოლა სახელმწიფოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი უჯდება. სპეციალისტების გათვლით, ხარჯი 12-15%-ის ფარგლებში მატულობს თითოეულ ოჯახზეც. გაცილებით ნაკლები იქნებოდა ზარალი, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გამართულად რომ მუშაობდეს და პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარებულიყო. ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ცალკეული ოჯახების, ასევე სახელმწიფოს დანახარჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ და არაპირდაპირაც სერიოზულ პრობლემას უქმნის.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს ლეტალური შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ეს დამთრგუნველად მოქმედებს მოსახლეობაზე, იწვევს უკურეაქციას და შეიძლება სხვა ნეგატიური მოვლენებიც გაზარდოს.

"საბედნიეროდ, ყველა ოჯახი არ არის დაავადებული, თუმცა ვინც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა, ცხადია, ხარჯი საგრძნობლად გაეზრდა. ამან შეიძლება თვეში ოჯახის შემოსავლის დაახლოებით 12-15% დაიკავოს, ვანგარიშობ, საშუალოდ, ოთხსულიან ოჯახში თუ 1 წევრი არის დაავადებული. დაახლოებით 20-დან 1 ოჯახში რომ გამოვლინდეს ღორის გრიპი, ეკონომიკის ზარალი, პირდაპირი თუ ირიბი, დაახლოებით 300-დან 500 მილიონ ლარამდე შეადგენს. ეს ქვეყანაში მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესს საგრძნობლად აფერხებს და ამ მხრივაც უარყოფითი შედეგის მომტანია. ცხადია, რომ ჯანსაღი საზოგადოება უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია და ჩვენ გვინდა ჯანმრთელი საზოგადოების მასა, რომელიც დოვლათის წარმოებაში ჩაერთვება", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს რაციონალური წესების პროპაგანდა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

"როგორც წესი, ეპიდემიას ორი ასპექტი აქვს. მისი საერთოდ იგნორირება მსხვერპლის რაოდენობა გაზრდის და შეიძლება ლეტალური შედეგები მოიტანოს. დამღუპველია ზედმეტი აჟიოტაჟიც, რადგან საზოგადოების წევრებში ისეთ განცდას იწვევს, რომ ისინი ან ავადდებიან, ან სიპტომები აქვთ, სინამდვილეში კი ნაკლებად ან საერთოდ არა აქვთ ავადმყოფობის ნიშნები.

ორი უკიდურესობიდან არც ერთში არ უნდა გადავვარდეთ, რადგან ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა მკურნალობაზე, სასწრაფოს გამოძახებაზე და სხვა, რაც ბოლო დროს ხდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მედია მაქსიმალურად მოზომილი უნდა იყოს და რაციონალური წესების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს.

ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მოღვაწეობის ის პერიოდი, როცა მან დიდი პირადი წვლილი შეიტანა 1970 წელს საქართველოში ქოლერის გავრცელების პროფილაქტიკურ სამუშაოებში, საზოგადოების სწორად ინფორმირებაში, ჰიგიენის წესების დამკვიდრებაში და მრავალ ღონისძიებაში, რის შედეგადაც საზოგადოება უფრო სწრაფად გამოვიდა იმ საფრთხისა და ფსიქოლოგიური შოკიდან, რაც ბოჭორიშვილის პირადი დამსახურებაა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, როდესაც საზოგადოების წევრთა გარკვეული ნაწილი არ მუშაობს და დოვლათს არ ქმნის, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ კეთილდღეობაზე და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახოს. ძნელია თქმა, რამდენ ხანს გასტანს ვირუსი. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ეპიდემიის ზრდის საფრთხის წინაშე ვიყოთ და ამიტომ პირდაპირი ეკონომიკური ზარალი არ იქნება, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს დანაკარგი, რომელსაც არ ველოდით.

გლობალიზაცია და ინტერნეტი საქართველოში მომხდარ ამბებს ასაჯაროებს და ეს ტურიზმზეც აისახება. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეპიდემიაა ქვეყანაში, ამან ვიზიტორები დააფრთხო. ის მასობრივი მოზღვავება, რასაც ამ დარგში ვვარაუდობდით, შესაძლოა, ვერ შესრულდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

ანალოგიურ საფრთხეზე სვამს აქცენტს ჯანდაცის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე, რომლის შეფასებითაც, ღორის გრიპის ვირუსი და წითელა ეკონომიკურ ტვირთად აწვება არა მხოლოდ ადამიანებს ან ჯანდაცვის სისტემას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას და უარყოფითი შედეგის მომტანია.

"ნებისმიერ დაავადებას აქვს პირდაპირი შედეგი ავადმყოფებზე, მაგრამ ასევე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც, რაც გულისხმობს იმას, რომ დაავადების შემთხვევაში იკარგება შესაბამისი აქტივობა, უარესდება ცხოვრების ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მაჩვენებლებში აისახება. გამომდინარე იქედან, რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია, მნიშვნელოვნად ზარალდება ეკონომიკა, ხოლო ჯანდაცვის სფეროს რაც შეეხება, მატულობს სახელმწიფო დანახარჯი ამ მიმართულებითაც პრეპარატების უფასოდ გადაცემისა და დაავადებასთან ბრძოლაში გაწეული ღონისძიებების გამო", - აღნიშნა ჩიხლაძემ და დასძინა, რომ დანახარჯი გაცილებით მეტია ისეთ ქვეყნებში, სადაც ზომები წინასწარ არ არის მიღებული და მსგავსი ეპიდემიისთვის ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებულია, როგორც ეს ხდება საქართველოში.

"ოჯახის ექიმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმართავი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის პრობლემით არის განპირობებული. არ გვაქვს პრევენცია, რაც იწვევს უბედურ შემთხვევებს; არ არის დიაგნოსტიკაც, შორს წასული გართულებებია და სიკვდილიანობაც მეტია; მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფოს მეტი ხარჯის გაწევა უწევს.

ჯანდაცვის სისტემა ფორსმაჟორულ ვითარებაში ეფექტურად ვერ მუშაობს. თვეზე მეტი გახდა საჭირო, რომ ჯანდაცვის სექტორი გონზე მოსულიყო. წამლის ფიზიკურად არარსებობა, პირბადეების დეფიციტი, რიგები კლინიკებში და გაურკვევლობა პირდაპირ მიანიშნებს, რომ სისტემა გაუმართავად მოქმედებდა. შესაბამისად, ცუდი სურათი მივიღეთ. საჭირო გახდა, რომ სიტუაცია სახელმწიფოს მეტ-ნაკლებად დაერეგულირებინა.

დღეს მდგომარეობა კონტროლდება, მაგრამ პრობლემა ნამდვილად იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ოჯახებზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმზე.

კონკრეტულად რამდენია ზარალი, სპეციალისტების დასათვლელია, მაგრამ ფაქტია, რომ გავრცელებული დაავადება ეკონომიკურ ტვირთად აწვება არა მხოლოდ ადამიანებს ან ჯანდაცვის სისტემას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა", - განუცხადა სერგო ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×