უნდა დატოვოს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ თანამდებობა? ამ კითხვით „რეზონანსმა" პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, შოთა ხაბარელს მიმართა. მან განაცხადა, რომ საკითხი გეგეშიძის პირდაპირ გადადგომაზე არ არის დაყენებული და მომხდარს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა „შაბათის კურიერმა" გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს რკინის ჯაჭვს გეგეშიძე დათუნაშვილს.
დღეს ჭიდაობის ფედერაციასთან გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით „გაერთიანებული ოპოზიციის" წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ გეგა გეგეშიძეს და მის „ზონდერებს" ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომაც ის არ ერიდება ევროპის ჩემპიონების ცემას.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ გეგეშიძის გადადგომის საკითზე გადაწყვეტილება პრეზიდიუმმა ან ფედერაციის ყრილობამ უნდა მიიღოს.
„არ მგონია საკითხი ისე იყოს დაყენებული, რომ ის პირდაპირ უნდა გადადგეს. ამას სჭირდება მსჯელობა, თითოეული დეტალის სიღრმისეულად შესწავლა. ეს გადასაწყვეტია ფედერაციის ყრილობის, ან პეზიდიუმის მიერ. ასე რომ, ასე იმპერატიულად, რომ გეგეშიძე უნდა გადადგეს, მე ვერ გეტყოდით, იმიტომ, რომ ამას თავიდან ბოლომდე ძირეული შესწავლა სჭირდება.
„როგორც ყველასთვის ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება. ალბათ გამოძიება შედეგს დადებს და ყველაზე მთავარი არის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება. პრეზიდიუმმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებენ ალბათ შესაბამის გადაწყვეტილებს. იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც მართლაც იციან რას ნიშნავს სპორტი, სპორტის სახეობა და აქედან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან დაკავიშრებით მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება. ეს არ არის მარტივი საკითხი," - განაცხადა შოთა ხაბარელმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილის, ასევე, გეგეშიძის მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვს.
„მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს, ჩემი სიმართლეა ის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.