როდესაც ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ასეთ შემთხვევაში შეუძლია, ისაა, რომ მოხსნის ერთ პრემიერ-მინისტრს და დანიშნავს მეორეს - აცხადებს მთავრობაში მოსალოდნელ სასაკადრო ცვლილებებზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელთაც პარლამენტს განცხადებით მიმართეს, რომ მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე არ იქნას განხილული; მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე „რეზონანსი" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა ჯგუფის გადაწყვეტილებას, პარლამენტში მათი კანდიდატურების არგანხილვასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რა გახდა?
ვახტანგ ძაბირაძე: მიზეზი საზოგადოებრივი აზრი იყო, რომელიც ცალსახად უარყოფითია. ცხადია, რომ ამ მოსამართლეთა კენჭისყრაზე გაყვანა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური შეცდომა და დარტყმა იქნებოდა. მოსაფიქრებელი იყო მექანიზმი - როგორ გაეკეთებინათ ისე, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური. ამ შემთხვევაში ყოველთვის არის ხოლმე ტრივიალური გამოსავალი - წინა პლანზე პერსონა გამოდის და ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. სწორედ ასე გააკეთა მოსამართლეთა ჯგუფმაც.
ხელისუფლებისთვის და სასამართლოსთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ეს გადაწყვეტილება იყო. ცხადია, თანხმობა და საუბარი იქნებოდა ხელისუფლებასთან, მაგრამ გამოსავალი ასეთ სიტუაციაში არც სასამართლო სისტემას და არც ხელისუფლებას არ ჰქონდა.
„რ": ანუ, ფიქრობთ, რომ არსებობს რაღაც გარიგება ხელისუფლებასა და მოსამართლეთა ჯგუფს შორის?
ვ.ძ.: რაღაც მოლაპარაკებები და შეთანხმებები იქნებოდა, მაგრამ თუ გარიგება არსებობს, ეს ვერ იქნება ის, რომ ისინი რაღაც ფორმით ისევ წარადგინონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად. შეთანხმებული რომ იქნებიან, ორი აზრი არ არსებობს.
გარიგება იმასაც გულისხმობს, რომ თუკი ამაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ რას სთავაზობ. ამ ტიპის გარიგება თუ იყო, არ ვიცი, მაგრამ შეთანხმებული იქნებოდა - ამას ვაპირებთ, თქვენ კი ასე გააკეთეთ. მოილაპარაკეს და ასეთი განცხადება გაკეთდა.
„რ": აქტიურად მიდის საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე. თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს და რა ტიპის ცვლილებები შეიძლება მოხდეს?
ვ.ძ.: ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი მოქმედებების დიაპაზონი. ამას სჭირდება ცვლილებები თუ არ სჭირდება, ეს მეორე თემაა, მაგრამ თუ ცვლილებებია საჭირო, სათქმელია რა ცვლილებებზეა საუბარი.
თუ ხელისუფლებას და ივანიშვილს უნდათ შეასრულონ მათი დაპირებები, რომელიც მეორე ტურის წინ გასცეს, მაშინ ეს ცვლილებები აუცლებლად იქნება. თუმცა, კომპლექსური ცვლილებები იქნება გასაკეთებელი, ამას კი სჭირდება მთელი გეგმის შედგენა.
პირადად ჩემთვის სულ ერთია სად იქნება ივანიშვილი - პარლამენტში, პარტიის თავმჯდომარე იქნება, შუშის სასახლეში იქნება, ხეებს გადადგამს თუ რას იზამს... თუკი ის ფიქრობს, რომ ის დაპირება შეასრულოს, რაც მან გასცა, მაშინ ის პრემიერი უნდა გახდეს, სხვანაირად არ გაკეთდება.
მთლიანი ანალიზია გასაკეთებელი - რა ვითარებაა ქვეყანაში, რა სიტუაციაა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ - რა ეკონომიური, სოციალური პრობლემებია, რისი გადაჭრა შეიძლება და ა.შ. არაორდინალური გზებია მოსაძებნი, რომელიც, შესაძლოა, ამ წუთში რაღაც პოპულიზმის ელემენტებსაც შეიცავდეს, მაგრამ აუცილებელი იყოს.
კომპლექსური სამოქმედო გეგმა არის შესამუშავებელი. ამის შემდეგ რაღაც სერიოზულზეც შეიძლება ფიქრი. რა თქმა უნდა, შეიცვლება ხელისუფლება. როცა არაფერს არ აკეთებ, ერთადერთია, რაც შეიძლება გააკეთო, ისაა, რომ მოხსნის ერთ პრემიერს და დანიშნავს მეორეს.
პრემიერობის მსურველიც ბევრია. ეს ქვეყანაში საქმეს არ გამოასწორებს. მესამე პრემიერია ივანიშვლის მერე და უფრო ცუდად მიდის საქმე. არ შველის პრემიერების შეცვლა...
რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები. თუ არა და მაშინ, შევცვლით პრემიერს, გადავაყენებთ მინისტრებს, მერე თავიდან დავნიშნავთ. ხან ასე იქნება, ხან ისე, მაგრამ ქვეყანას და საქმეს ვერ ვუშველით.