„მოსამართლების თემაზე ახლა ტაიმაუტი აიღო თავად ბატონმა ბიძინამ და ის შეეცდება მოიფიქროს შედარებით უმტკივნეულო სქემა, რომლითაც შეძლებს ან სათითაოდ, ან ჯგუფ-ჯგუფად გაიყვანოს ეს პირები...
„2-3 ოდიოზური მოსამართლის გამოცვლა საქმეს არ უშველის, იმიტომ რომ, მე რომ მკითხოთ, ეს არის კარგად შეკრული ბანდიტური ფორმირება, კლანიც არ ჰქვიათ ამათ, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ასეთი სქემების დატრიალების. ამიტომ ვითხოვთ, რომ საერთოდ გასარეკია იუსტიციის უმაღლესი საბჭო,"- აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.
„რეზონანსი": ყველასთვის მოულოდნელად უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სიის წევრებმა პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურა აღარ განიხილონ. თქვენი აზრით, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს - თავად ამ 10 მოსამართლის, თუ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება საზოგადოებრივი დიდი პროტესტის დროებით ჩასაცხრობად?
ლია მუხაშავრია: ეს პოლიტიკური ნება და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ მიეწერება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ, სხვაგვარად წარმოუდგენელია ჯერ ასეთი სიის გაჩენა და შემდეგ ასეთი სიის ასე მოულოდნელად გაქრობა. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ერთ ბარტყის გადაგდება ბუდიდან, არამედ ეს იყო იმ საზოგადოებრივი აღშფოთებისა და მედიიდან კრიტიკის შედეგი, რომელიც ასეთი ხმაურიანი კამპანიით წავიდა წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გავაგონეთ ჩვენი ხმა, ვისაც ჯერ არს.
„რ": რა მოლოდინი გაქვთ? პრეტენზიაა, რომ ეს იყო ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის 10-კაციანი სია და შესაძლოა, ეს სია ისევ ამ „კლანის" ახალი 10-კაციანი სიით შეიცვალოს? როგორც ითქვა, ასე მოვტყუვდით ერთხელ, როდესაც შოთაძე გადავაყენეთ და „უარესი შოთაძე" მივიღეთ.
ლ.მ.: ეს მცდელობები ასე მარტივად არ ჩაივლის. ეს ხალხი ასე იოლად არ დაიხევს უკან, იმიტომ, რომ, სასწორის მეორე პინაზე დგას ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, თანაც, სამიდღემჩიოდ დანიშვნა.
ვფიქრობ, რომ ახლა ტაიმაუტი აიღო თავად ბატონმა ბიძინამ და ის შეეცდება მოიფიქროს შედარებით უმტკივნეულო სქემა, რომლითაც შეძლებს ან სათითაოდ, ან ჯგუფ-ჯგუფად გაიყვანოს ეს პირები და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პირველი გამარჯვების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება და უკეთესი კანდიდატები გაჩნდებიან, ვიდრე იუსტიციის ეს უმაღლესი საბჭო არსებობს.
სხვათა შორის, აი, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩემი ჩათვლით, რომ იძახა - ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია და მისი წევრები გასარეკი არიან, არ გამოვრიცხავ, რომ საბჭოს წევრებსაც გაუჩნდეთ შიში, აქამდე არ მივიდეს საქმე და ამიტომაც, სკამების შესანარჩუნებლად ეს 10-კაციანი სია ისევ უკან შემოიტანონ - ან ერთად, ან ისეთ სხვა გვარებთან ერთად, ვინც უფრო მისაღებნი არიან საზოგადოებისთვის.
„რ": იგივე გვარები შეიძლება შევიდეს ახალ სიაშიც?
ლ.მ.: უიმე, მაგათ შეუძლიათ 5-6 ასეთი 10-კაციანი სია შექმნან. ვინ ეტყვით უარს, თუკი ერთის მხრივ სამიდღემჩიოდ იქნებიან უზენაესი სასამართლოს წევრის მანტიით მოსილები და მეორეს მხრივ, ექნებათ მწვანე შუქი ანთებული აღებ-მიცემობაზე?!
„რ": აცხადებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს. გაქვთ მოლოდინი, რომ თუნდაც საბჭოს წევრი ყველაზე ოდიოზური 2-3 ადამიანი გაუშვან?
ლ.მ.: 2-3 ოდიოზური მოსამართლის გამოცვლა საქმეს არ უშველის, იმიტომ რომ, მე რომ მკითხოთ, ეს არის კარგად შეკრული ბანდიტური ფორმირება, კლანიც არა ჰქვიათ ამათ, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება და ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ ასეთი სქემების დატრიალების. ამიტომ, ვითხოვთ, რომ საერთოდ გასარეკია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთოდ საფიქრებელია მათი წევრების შერჩევის ისეთივე გამჭირვალე კრიტერიუმების მიხედვით ხელახლა არჩევა, როგორც უნდა მოხდეს მოსამართლეებთან მიმართებაში.
„რ": რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება ხელისუფლების თუ ამ მოსამართლეების შემდეგი ნაბიჯი?
ლ.მ.: ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, მე ამდენი ინტრიგის თავი და აზრი არ მაქვს. ინტრიგები გაგრძელდება და უფრო დახვეწილი ფორმით, რომ ნაკლები აჟიოტაჟი და სკანდალი მოჰყვეს მათ ნაბიჯს.
„რ": სამოქალაქო სექტორის მთავარი პრეტენზიაა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი მართავს სასამართლოს. ეს ორივე მოსამართლე დღეს სააპელაციოში უვადოდ არის გამწესებული და რა გამოდის, კლანის შეცვლაზე და სასამართლოდან ამ ადამიანების გაშვებაზე არასამთავრობოების მოწოდება ვერ შესრულდება?
ლ.მ.: მურუსიძესა და ჩინჩალაძეს თავიანთი მდგომარეობა განაღდებული აქვთ, ისინი არიან სააპელაციო სასამართლოში. თუ გავითვალისწინებთ ოპტიმისტურ პერსპექტივას, რომ იუსტიციის საბჭოს დათხოვნა შესაძლებელია და შემდგომი დანიშვნები მაინც განხორციელდება ნორმალურად. უკვე დანიშნულ მოსამართლეებს ასე იოლად ვერავინ გაათავისუფლებს. ისინი კონსტიტუციის და მოქმედი კანონის წესით დანიშნეს. ამიტომ, რადიკალურად რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა შეუძლებელია.
ჩინჩალაძე-მურუსიძის სისტემიდან წასვლის მოთხოვნა უნდა დარჩეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე ან ჩინჩალაძე თვითაცილებას გააკეთებენ და თანამდებობიდან გადადგებიან.
„რ": გამოდის სამოქალაქო სექტორი სასამართლოს გაჯანსაღებისთვის ბრძოლაში ვერ იმარჯვებთ?
ლ.მ.: ამ ეტაპზე ეს მცირედი გამარჯვებაა და არ მგონია ეს საბოლოო იყოს. ამიტომ ამ საკითხებზე კრიტიკა და გამოსვლები უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები და ასევე არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ წარმატება მოპოვებულია.