ელზა პაპოშვილი
22.01.2019

 თბილისი- რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პროექტის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. თავად საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდშიც რუსთავის მაცხოვრებლებს გზის მშენებლობის დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან. 

ამის პარალელურად, რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა ფონდთან უკვე რამდენიმე წელია გასახლების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ რადგან კონსტრუქციული დიალოგის გზით ფონდთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრებლებმა, რომელთა საცხოვრებელ კორპუსთან ავტობანი სულ რაღაც 6 მეტრში გაივლის, გადაწყვიტეს სასამართლოსთვის მიემართათ და ახლა დავას სამართლებრივ ჭრილში გააგრძელებენ.

პრობლემა კი ისაა, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ყველა შენობას მასშტაბური და სერიოზული დაზიანებები აქვს. შესაბამისად, გზის სამუშაოების დროს არსებობს საფრთხე, რომ კორპუსები კიდევ უფრო დაზიანდეს. 

„არსებობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდა, სადაც წერია - ყველა შენობას აქვს მასშტაბური და სერიოზული დაზიანებები იმის გამო, რომ საექსპლუატაციო ვადაში მათზე არ ჩატარებულა არანაირი სარემონტო თუ ტექნიკური მომსახურეობის სამუშაო, გაუარესებულია შენობების სამშენებლო მასალის ხარისხი, რისი შედეგიც არის კოროზია და არმატურის ღეროების გაშლა, საიდანაც ცვივა ბეტონი, წყლის ინფილტრაცია, გაჯის ჩამოყრა და სხვა, რაც მიუთითებს შენობების სავალალო მდგომარეობაზე.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ნაწილის 166 გვერდზე გაკეთებული ჩანაწერით დასტურდება, რომ შენობებს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული და სავალალო მდგომარეობაშია; მაგრამ მუნიციპალური განვითარების ფონდი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ აპირებს მოსახლეობის გასახლებას და დაჟინებით მოითხოვს ექსპლუატაციაგასული და სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობების გამაგრებას. თუმცა საინტერესოა, როგორ აპირებენ ისინი იძულებითი ძალით აღასრულონ გამაგრებითი სამუშაოები“, - ამბობს ადგილორბივი მცხოვრები ლუკა მელაშვილი.

მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 25 ოქტომბერს გასცა რეკომენდაციები განსახლების თაობაზე, სადაც მითითებულია კონკრეტული შენობები. მიუხედავად რეკომენდაციებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი მაინც კატეგორიულ უარზეა მოსახლეობის გასახლებაზე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი თვითმიზანი არ იყო საქმე სასამართლომდე მისულიყო და რადგანაც სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, ამიტომ დაადგნენ ამ გზას.

ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა ლეგიტიმური საშუალებებით დაიცავენ როგორც კერძო საკუთრებას, ასევე სიცოცხლის უფლებას, რომლის ხელყოფაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან ხორციელდება. 

„რეზონანსი“ შეეცადა მოსახლეობის საჩივრის შესაბამისად ფონდის პოზიცია გაეგო და მათი არგუმენტები მკითხველისთვის ამავე სტატიაში შეეთავაზებინა. თუმცა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიცხადეს, რომ მათთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიგვემართა და 10 დღის ვადაში ოფიციალურ პასუხს გაგვცემენ. მათივე თქმით, ისინი შეეცდებიან, რომ გაზეთის მეშვეობით მოსახლეობას და მკითხველს არგუმენტირებულად განუმარტონ რატომ არ არსებობს იმ ადგილიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობა. 

ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებენ. ავტობანის სიგრძე 17.4 კილომეტრია და სამი მონაკვეთისგან შედგება. 

ავტობანის გზის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წლის დეკემბერში შეჩერდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით, პროექტის შეჩერების მთელი რიგი მიზეზები არსებობდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას („ნიუ-ენერჯი“) ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა.

2013 წლის მაისში ფონდმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კორპორაცია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომელსაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო. ამჟამად გზის ამ მონაკვეთებზე მშენებლობა დასრულებულია.

რაც შეეხება თბილისი-რუსთავის გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობას, 2016 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია „სეზა ინშაათს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც თბილისი-რუსთავის 6.4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 119 მილიონი ლარია, ხანგრძლივობა კი ორი წელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×