თამარ შუკვანი
23.01.2019

 გრიპის დიაგნოზით გარდაიცვალა 33 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან, ოჯახის მოთხოვნით, ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამასთანავე, ბათუმში დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი - 48 წლის ქალი, რომელიც 12 იანვარს კლინიკაში იქნა მოთავსებული. მიზეზი აქაც სავარუდოდ ე.წ ღორის გრიპია. დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1-ის ვირუსით, ჯამში 6 ადამიანია გარდაცვლილი.

ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით რა ვითარება გვაქვს დღეს და დღევანდელი მდგომარეობით, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ გრიპის ვირუსის ახალმა ტალღამ იფეთქოს, „რეზონანსი" ექიმ-ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსმა კლება დაიწყო, თუმცა ოდნავი მატება შეიძლება თებერვლისა და მარტის თვეში მაინც გვქონდეს, ამიტომაც საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.

„გასაგებია, რომ ლეტალური შემთხვევები ყოველთვის ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ საერთოდ, სიტუაცია მაინც გაუმჯობესებისკენ მიდის. სრულიად რეალისტურია, რომ თებერვალ-მარტში ახალი ტალღა იყოს, რადგან გრიპს მიმდინარეობა ახასიათებს და ეს არ არის გასაკვირი. ამიტომაც, ვინც ჯერ აცრილი არ არის, კიდევ აქვს აზრი, რომ აიცრას," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამავე საკითხზე „რეზონანსი" დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს ესაუბრა, რომელიც ეპიდემიის საფრთხეს გამორცხავს.

„ეპიდემიის საფრთხე არ ყოფილა მაშინ, როდესაც მაქსიმუმი იყო ავადობა, ახლა დაკლებულია უკვე. ოდნავი მატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ეპიდემიაზე საუბარი არაა," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×