"ქართული ოცნების" იმ დეპუტატებმა, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიასა და პარტიის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდნენ, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების" თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში შეხვედრა გამართეს.
შეკრებას ესწრებოდნენ ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი.
„საუბარი იყო არგუმენტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და შევაჯერეთ პოზიციები, - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე თუ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვება, ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს არგუმენტებს კოლეგებს და შევეცდებით დავარწმუნოთ ამ არგუმენტების სისწორეში," - გვითხრა ბექა ნაცვლიშვილმა.
ის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მთავარ განსახილველ თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არა მარტო ერთეული პერსონების, არამედ ამ სისტემის ფუნდამენტურად შეცვლის საჭიროება დგას.
„ხვალინდელ სხდომაზე საუბარი იქნება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და იმ კონკრეტულ სიაზე, რომელიც პარლამენტში იქნა წარმოდგენილი. ჩვენ მყისიერად დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ.
„გარდა ამისა, იმედია, ხვალინდელი შეხვედრა გახდება საფუძველი იმის გააზრებისა, რომ სასამართლო რეფორმაში არა მხოლოდ ის საფრთხე არსებობს, რომ ეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ იქნენ არჩეული, არამედ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება.
„ეს კი ერთხელ და სამუდამოდ შექმნის ისეთ სისტემას, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა მყარი იქნება და ამასთანავე, ნდობა აღდგება. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალია," - დასძინა მან.
ცნობისათვის, მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს განცხადებით მიმართა, მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე არ იქნას განხილული.
ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ „ტაქტიკური სვლა" არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატთა ეს დაპირისპირებული ჯგუფი, ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.
„იმედი მაქვს, რომ ეს არ არის მათი მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ეს პროცესები მინელდეს და სხვა ტაქტიტიკით ეცადონ, გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ აიყვანონ. ამ შემთხვევაში კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გასარკვევია, რა დგას ამის უკან.
„ეს არის მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, - მათ სწორად შეაფასეს ვითარება, მაგრამ თუ ეს არის რაღაც ტაქტიკური სვლა, ეს მომავალში გამოჩნდება და ჩვენი რეაქციაც იქნება შესაბამისი," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისათვის, ხუთშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.