ია აბულაშვილი
23.01.2019

 "ივანიშვილი ამ ხალხს სერიოზულ თემებზე სასაუბროდ იწვევს, აბა რისთვის ხვდება, ფეხბურთზე სალაპარაკოდ ხომ არა? "ოცნება" მმართველი ძალაა და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. ან უნდა თქვან, შეუძლიათ თუ არა, ან თქვან რომ არ შეუძლიათ; მაშინ გამოჩნდება საზოგადოებაში სხვა ძალა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვართ მზად და ავიღებთ ხელში მართვის სადავეებსო" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელვა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.

"რ": უმრავლესობის გაფართოებული სხდომასთან დაკავშირებით, ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს იწყებს, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ი.კ: შეხვედრა შეხვედრისთვის კი არ უნდა გაიმართოს, მას უნდა ჰქონდეს შედეგი, რომელსაც საზოგადოება ელოდება, თუ არა და მალე მოვა 2020 წელი, ანგარიშის ჩაბარების დრო. თუ დღეიდანვე არ დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს, მაშინ ცვლილებები თვითონ ბიძინას შეეხება. რაც ქვეყანაში ხდება, ამას ანალიზი სჭირდება, აბა რისთვის ხვდება ამ ხალხს, ფეხბურთზე სალაპარაკოდ ხომ არა? მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე; ან უნდა თქვან, რომ არ შეუძლიათ და მაშინ საზოგადოებაში გამოჩნდება სხვა ძალა, რომელიც იტყვის, რომ მე ვარ მზად და ავიღებ ხელში მართვის სადავეებსო.

"რ": უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობასა და პარლამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილაო.

ი.კ: საერთოდ საჭირო არ არის არც ამდენი სამინისტრო და არც ამდენი მინისტრი, ბევრი მინისტრი კი ნამვდილად შესაცვლელია. პრემიერ-მინისტრის შეცვლაზეც თუ იქნება საუბარი, ამ თანამდებობას, ჩემი ზრით, მშვენივარდ გაუძღვება გიორგი გახარია, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა თავისი უნარები. შესაცვლელია გუბერნატორებიც და გამგებლებიც და საერთოდ ძირეული ცვლილებებია საჭირო მართვის სისტემაში.

"რ": ამ შეხვედრის მთავარ კითხვად მაინც რჩება, რა ბედი ელით ბიძინა ივანიშვილის მიერ "არაგუნდურობაში" დადანაშაულებულ პარტიის წევრებს. მხოლოდ გაკიცხვა თუ შესაძლოა ეკა ბესელია და მისი მხადამჭერები არაგუნდურობისთვის პარტიიდან გარიცხონ?

ი.კ: მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წინაშე არ გამოიტანს ბესელიასა და კობახიძის დაპირისპირებას, რადგან ამ ეტაპზე სიტუაციის გამწვავება არ უნდა აწყობდეს. სიტუაცია გართულებისკენ კი არა, ალბათ დიპლომატიური ნაბიჯებისკენ წავა. ასე ჩანს ბესელიას განცხადებებში, რომ არც ის აპირებს რადიკალური ზომების მიღებას. ისე ბესალიას და მის მხარდამჭერებს თავისუფლად შეუძლიათ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნან, მათი გასვლა პარტიიდან კი სასურველი არ უნდა იყოს "ოცნებისთვის".

"რ": ბოლო მოვლენებს უკავშირდება ასევე გაერთიანული ოპოზიციის გააქტიურება, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იწყებს ბრძოლას, აქვთ ამის რესურსი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ?

ი.კ: ოპოზიციის რესურსი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ შეცდომას დაუშვებს "ოცნება" და ამის მიხედვით გაიზრდება რესურსიც. ვერც სააკაშვილს გააჩერებ, იგი პოლიტიკაში ვერცხლის წყალივითაა. მართალია უკრაინის პოლიტიკიდან დაასვენეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში საცეცები კიდევ დარჩა და ახალ-ახალ ვერსიებს სთავაზობს. რამდენად გამოუვა ემიგრანტების ჩამოყვანა და აქ სიტუაციის შეცვლა, არ ვიცი, არა მგონია, რომ ემიგრანტებმა მისი მოწოდებები გაიზიარონ, თავიანთი პრობლემები აქვთ, მაგრამ სააკაშვილი "ოცნების" ყველა შეცდომას რომ თავის სასარგელოდ გამოიყენებს, ფაქტია, ამიტომ ცვლილებები დღეიდანვე უნდა დაიწყონ და საქმეს მიხედონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×