მარიამ ხვედელიძე
24.01.2019

 საქართველო არ სცნობს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდოს აღიარებს. შესაბამისი განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა თავის „ტვიტერზე“ განათავსა.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მა, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ და ეკვადორმა.

მის ოპონენტს - პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ღია მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი და თურქეთი. ამასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაურეკა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან და განუცხადა: „ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!“. თურქეთი მხარს უჭერს თავის პრინციპულ პოზიციას სახელმწიფო გადატრიალებების წინააღმდეგ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კარაკასში მადუროს ინაუგურაციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები - რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი იმფყოფებოდნენ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საქართველოსაგან ასეთი გადაწყვეტილება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

საქართველო ძირითადად მიყვება ხოლმე პარტნიორების პოლიტიკას და ცდილობს დისონანსი არ იყოს პარტნიორების პოლიტიკასთან. რადგან ეს აღიარება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა ამერიკამ გააკეთა, ამ პარტნიორული მოვალეობის გამო, საქართველომაც აღიარა. 

„მაგალითად, ანალოგიური ნაბიჯები თავის დროზე  საქართველომ გადადგა სკრიპალების საქმის დროს და ინგლისის პოზიცია მთლიანად გაიზიარა და მაშინ მოტივაციაც გააკეთა: ვინც არის ჩვენი პარტნიორი, ჩვენთვის მისი პოზიცია არის გადამწყვეტი. მემგონი ახლაც იგივე მოცემულობა გვაქვს,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

(დამატებით ინფორმაციას ამ თემაზე მოგვიანებით მოგაწვდით)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×