„შემადგენლობის გადახედვა არ ვიცი სამართლებრივად როგორ შეიძლება დარეგულირდეს. არ ვიცი გადადგებიან თუ არა სხვები - ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა და ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა," - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან"უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფზე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" უარს აცხადებს. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა შექმნილ ფორმატსა და ჯგუფის შემადგენლობას გადახედოს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ნაზი ჯანეზაშვილი თავადაც არ გამორიცხავს ამ ჯგუფის დატოვებას:
„ამ ჯგუფში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლო სისტემიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შედიან. ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა შეხვედრას და ერთხელ თავად მინისტრიც იყო, სასამართლო სისტემიდან კი - მოსამართლეები.
„კვირას არის პირველი შეხვედრა ამ ამბების შემდეგ და შევხედავ რა სიტუაციაა. თუ აქვს აზრი, ვიქნები ჯგუფში და მონაწილეობას მივიღებ, თუ არ აქვს აზრი - შემდგომ გადაწყვეტილებაზე მერე ვიფიქრებ. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ვითანამშრომლო," - აღნიშნა ჯანეზაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
იგი აცხადებს, რომ ამ ჯგუფის წევრთა მიმართ არსებობს გარკვეული უკმაყოფილება და სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილებასაც სწორედ ამას უკავშირებს. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართ არსებობს პრეტენზიები. როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, მეთოფიშვილი საკითხების განხილვას დროში წელავს.
„მეთოფიშვილი რომ ზის ამ ჯგუფში და კიდევ სხვები, საუბრის საშუალებასაც არ აძლევენ ხოლმე სხვებს და ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა ამ ხალხის უაზრო საუბრებში. ერთი და იგივე საკითხზე, საათობით მიდიოდა მსჯელობა და მოსამართლე წევრები, ვინც ამ ჯგუფში იყვნენ წარმოდგენილი, საქმეს აჭიანურებდნენ.
„ეს სამუშაო ჯგუფი არ არის ფორმალიზირებული სტრუქტურა. ეს შეიქმნა თავიდან იმისთვის, რომ შეხვედროდა ხელისუფლების სამივე შტო და ემსჯელათ საჭირო საკითხებზე. შემდეგ ამან რეგურალური ხასიათი მიიღო, - დაახლოებით 10 შეხვედრა ჩატარდა. მთავარია იყოს სურვილი, რომ რაღაცა გაკეთდეს. თუკი მეთოფიშვილი საათობით ილაპარაკებს და მარტო მისი მოსმენა მოგვიწევს, მაშინ ჯგუფის არსებობასაც აზრი არ აქვს," - განაცხადა ნაზი ჯანეზეშვილმა.