ცხრა წლის შვილის გაუპატიურებაში მსჯავრდებულმა ვ.მ.-მ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „რეზონანს“ მისმა უფლებადამცველმა მზია თოდუამ აცნობა. მისი თქმით, ვ.მ-ს რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია და ის 2016 წელს უკანონოდ დააკავეს. ადვოკატს ამის დამადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს, რომლის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება და ამბობს, რომ მსჯავრდებული კარგად დადგმული სცენარის მსხვერპლი გახდა.
36 წლის ვ.მ სამართალდამცავებმა 2016 წლის თებერვალში სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც გაუკუღმართებული ფორმით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. სასამართლომ მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უფლებადამცველი მზია თოდუა „რეზონანსთან“ ყვება, რომ მსჯავრდებულმა მას ციხიდან წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა. მან უფლებადამცველს უამბო თავისი ისტორია და საქმის მასალების გაცნობა სთხოვა. თოდუა გვიყვება, რომ მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა პენიტენციალურ დაწესებულებაში ორჯერ სცადა და ამბობს, რომ ის საკუთარი სიდედრის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ, ექსპერტიზის მიხედვით, ბავშვის გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა. მისი თქმით, ის გორის რაიონის იმ სოფელში ჩავიდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ბავშვის სკოლის პედაგოგებს და დირექტორს გაესაუბრა. ბავშვს მასწავლებლები დადებითად აფასებენ და ასევე ამბობენ, რომ არასდროს გასჩენიათ ეჭვი, რომ მასზე ვინმე ძალადობდა.
თავად არც ბავშვს არასდროს უთქვამს, რომ ის მამის მხრიდან რაიმე შევიწროვების მსხვერპლი იყო. უფელბადამცველი ამბობს, რომ მთელი გამოძიების მასალები მხოლოდ მსჯავრდებულის სიდედრის ჩვენებებზეა აგებული, რაც ეჭვის საფუძველს კიდევ უფრო ამძაფრებს.
თოდუა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მამაკაცს სიდედრთან და ცოლთან გარკვეული დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდა, მათ კი, მისი თავიდან მოშორების მიზნით, მის წინააღმდეგ 9 წლის ვაჟი გამოიყენეს.
„მამის დაკავების შემდეგ, დედის და ბებიის მიმართ სოციალურ სამსახურს გარკვეული ეჭვები გაუჩნდა, რადგანაც ისინი კარგი რეპუტაციით არ სარგებლობენ. ამიტომ ბავშვი ახლა ოჯახს განარიდეს და მინდობილობით აღზრდაში იმყოფება.
„სიტუაცია კი ასეთია, რომ მსჯავრდებულ მამაკაცს ცოლთან და სიდედრთან მათი ყოფაქცევის გამო ოჯახში მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. ის ყვება, რომ დედა-შვილი ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ და ის ამის გამო მათთან მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა. ამიტომაც სიდედრმა გადაწყვიტა, რომ მასზე შური ეძია და ეს პროვოკაცია მოუწყო.
„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს სიდედრის მხრიდან კარგად დაგეგმილი სპექტაკლია. პატიმარი ამბობს, რომ სიდედრმა მისი დნმ-ის კვალი ბავშვის საწოლზე დატოვა და ამის შესაბამისად მას დააბრალა, რომ ის საკუთარ შვილზე ძალადობდა.
„ახლა ეს მსჯავრდებული უკვე თავის თავზე აღარ დარდობს და ამბობს, რომ როდესაც მისი შვილი სრუწლოვანი გახდება და ის გაათვიცნობიერებს რეალურად მამამისი რა ბრალდებით ზის, ეს მისთვის გამანადგურებელი ფაქტი იქნება, რომელიც მის შვილს ცხოვრებას სამუდამოდ დაუნგრევს.
„ეს ბავშვი საკმაოდ კარგი და ნიჭიერი მოზარდია. არსებობს საფრთხე, რომ სიმართლის გაგების შემდეგ შეიძლება საკუთარ თავს რამე უბედურება აუტეხოს. ამიტომაც ის ცდილობს, რომ ეს ამბავი საზოგადოების ყურამდე მიიტანოს და მისი უდანაშაულობა დადგინდეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ უფლებადამცველი.
მისივე ინფორმაციით, განაჩენში ძალიან ბევრი უზუსტობაა გაპარული და ამას ყუარდღება არც მოსამართლემ და არც პროკურორმა არ მიაქცია. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბავშვის დაკითხვის დროს მისი წარმომადგენელი იყო ბებია და არა დედა. ასევე თოდუასთვის უცნაურია მსჯავრდებულის სიდედრის ქცევა, რომელმაც სიძეს დანაშაული არა პირდაპირ პოლიციას აცნობა, არამედ სოფლის რწმუნებულთან მივიდა და ამის შესახებ მოუყვა. ხოლო დაკითხვაზე ბავშვის ნაცვლად კითხვებს ბებია პასუხობდა და მას საუბრის საშუალებას არ აძლევდა.
უფლებამდამცევლი ამბობს, რომ მას ახლა ყველაზე მეტად ბავშვის ბედი ადარდებს, რადგანაც ახლა ის აღარც დედასთან ცხოვრობს. თოდუა ამბობს, რომ ასევე მოწმეებად ცოლის ბიძაშვილები არიან დაკითხულები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და მოსამართლემ მათი ჩვენებები არ გაითვალისწინა.
„რეზონანსი“ დაუკავშირდა იმ სოფლის რწმუნებულს, რომელთანაც ბავშვის ძალადობის შესახებ ბებიამ პირველად განაცხადა. ჩვენ რწმუნებულის სახელსა და გვარს, ასევე სოფელს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგანაც ბავშვის ვინაობის იდენტიფიცირება არ მოხდეს.
სოფლის რწმუნებული ვ. ჯ „რეზონანსთან“ უფლებადამცველის ინფორმაციას სრულიად ადასტურებს და ამბობს, რომ 3 წლის წინ ბებიამ შვილიშვილი მასთან ნამდვლად მიიყვანა და განაცხადა, რომ ბავშვზე მამა ძალადობდა. რწმუნებულს ამის შესახებ ბავშვმაც დაუდასტურა. ამის შემდეგ კი მან პოლიცია გამოიძახა და მამაკაცი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
რწმუნებული აცხადებს, რომ მსჯავრდებული წვრილმან ქურდობაზეც ადრე ნასამართლევი იყო და ადასტურებს ფაქტსაც, რომ მას ცოლთან და სიდედრთან კონფლიქტი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ეს საქმე კარგად მახსოვს. ჩემთან ბებია მოვიდა და შვილიშვილი მოიყვანა. მითხრა, რომ მასზე მისი სიძე ძალადობდა. ბავშვიც გამოვკითხე და ბებიის ნათქვამი მანაც დაადასტურა. არ ვიცი სხვა ამ საქმის შესახებ არაფერი. მე რაც ჩემი მოვალება იყო, ის გავაკეთე - პოლიცია გამოვიძახე და ამის შემდეგ ის დაკითხვაზე გადაიყავენს. შემდეგ კი გავიგე, რომ დააკავეს.
„ცოლი ჩემთან არ მოსულა და მისი პოზიცია არ ვიცი. რაც შეეხება ბავშვს, ახლა ის როგორც ვიცი მინდობით სხვა ოჯახში ცხოვრობს. ბავშვის დედა სხვა კაცზე გათხოვდა და ბავშვი თან წაიყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, მეორე ქმართანაც რაღაც კონფლიქტი მოხდა და ამბობენ, რომ მასთანაც კარგი ურთიერთობ არ აქვს. ამის გამო სოციალურმა სამსახურმა ბავშვის მისგან განრიდება გადაწყვიტა. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ბავშვი ამ ქალბატონებთან ახლა აღარ ცხოვრობს“,-ყვება „რეზონანსთან“ სოფლის რწმუნებული.