„შერიგება" ამ ეტაპზე ვერ მოხდა, - ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციას შორის დაპირისპირება გრძელდება. დათუნაშვილის განცხადებით, იგი ფედერაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს და ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.
„მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ, მოსამართლეს შეეძლო თანამდებობა დაეტოვებინა, რაც დროის პროცესია მე ვიცი რომ დატოვებს თანამდებობას, რადგან იმის განცდა მაქვს რომ სიმართლე იზეიმებს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, მე მგონი ის სხვა რეალობაში ცხოვრობს,"- აღნიშნა დათუნაშვილმა.
ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე იმედოვნებს, რომ დაპირისპირება ჩაცხრება და საქმე მოგვარდება.
„ყველაფერი მოგვარებადია, დრო ყველაფრის მკურნალია, ყველაფერი შეგვიძლია ერთმანეთს შევუნდოთ," - აღნიშნა იანტბელიძემ.
მისი განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტთან პრობლემები არასოდეს ჰქონიათ. ამასთანავე, დათუნაშვილს მოუწოდებს ვარჯიშს დაუბრუნდეს და ამბობს, რომ ამ დაპირისპირებით მთელ ნაკრებს ხელი ეშლება.
„არანაირი პრობლემები არ გვქონია გეგასთან, ყოველთვის არის ურთიერთკომუნიკაცია, რამდენი ხალხი იყო შეკრებილი თქვენ თვითონ ნახეთ, არანაირი გუნდი გაყოფილი არ არის.
„იმას კი არ იტყვიან, რომ დათუნაშვილი კაი ბიჭია, ან გეგეშიძე კაი ბიჭია, იმას იტყვიან, რომ მოჭიდავეები, უი, რა ცუდად იქცევიან, მოდი ეს ყველაფერი ჩავაცხროთ," - განაცხადა იანტბელიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სასამართლომ გუშინ, 24 იანვარს დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგეშიძის წინააღმდეგ საქმე სპორტის სასახლეში მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო, - გეგეშიძესა და სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დატოვებს თუ არა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობას, ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვება ფედერაციის პრეზიდიუმის კომპეტენციაში შედის. მისი თქმით, აუცილებელია სიტუაცია დაწყნარდეს და მხარეთა შერიგება მოხდეს.
„პირველ რიგში უნდა დამშვიდდეს სიტუაცია და მოხდეს შერიგება, - ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ბიჭებმა ნორმალურად ივარჯიშონ. უნდა მოხდეს დათუნაშვილთან და მთლიანად ფედერაციასთან საუბარი, რომ როგორმე მოხდეს აზრების დაახლოება.
„რაც შეეხება გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე, ეს ფედერაციის პრეზიდიმიუმის გადასაწყვეტი. სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
დღეს გამართულ ბრიფინზე დათუნაშვილის მწვრთნელმა, ზურაბ შელიამ სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრა:
„თვეც არ არის, 25 დღის მონაცემები მაქვს, სადაც 100 ათასი ლარი გაცემულია პრემიის სახით. გვარებს და სახელებს არ დავასახელებ 26 ათას 974 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რის გამო დაერიცხა, რა დამსახურება აქვს?"-განაცხადა შელიამ.
თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, გოჩა ჩერგოლეიშვილი გაყალბებული არჩევნების გზით გეგეშიძის დანიშვნას უსვამს ხაზს.
„პრეზიდიუმი არის გაყალბებული, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო დიდი უფლებების მქონე ადამიანი," - განაცხადა ჩორგოლიანმა.