ქალაქის მერმა დაპირება შეასრულა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი დაიწყო. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილისქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. მათი პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის:
"კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფის ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებთ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის საკუთრებაში არსებული ფართების 40 ოჯახისთვის გადაცემის საკითხს განვიხილავთ", – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.
„განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება. დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, კი სააგენტომ წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადების საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული დეველოპერული კომპანია შპს „აპექს დეველოპმენტი“, რომელმაც გამოხატა დაინტერესება და შესაბამისად წარმოადგინა გაუმჯობესებული წინადადება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე წყალსადენის ტერიტირიის მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 12 223.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
"შპს "აპექს დეველოპმენტი" 3.6 კოეფიციენტის შემთხვევაში 12 223.00 კვ/მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელების შემდგომ დააკმაყოფილებს კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულებს 7100 კვ/მ საცხოვრებელი ფართით (თეთრი კარკასის მდგომარეობით) რაც აღემატება თავდაპირველად დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი წინადადებით განსაზღვრულ გადმოსაცემი კვადრატულობის ოდენობას. აღსანიშნავია, რომ "აპექს დეველოპმენტს“ გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში და მათ მიერ განხორციელდა არაერთი სამშენებლო პროექტი თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
მისი ინფორმაციით, სააგენტოში წარმოდგენილია დაინტერესებული კომპანიის (დეველოპერის) 1 წინადადება ქ. თბილისში, დიდი დიღმის IV მ/რ-ში, 12-ე კორპუსის მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2359კვ/მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირთათვის საკუთრებაში გადასაცემად, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.
კიდევ ერთი დაინტერესებული ინვესტორის (დეველოპერის) წინადადება ქონების მართვის სააგენტოში წარმოდგენილია დეველოპერის მიერ თბილისში, დიდი დიღმის IV მ/რ-ში, 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 11774 კვ/მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. პირობები აქაც ანალოგიურია.
კოოპერატიული ბანთმშენებლობით დაზარალებულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს. ამდენი ადამიანი დღეს ქალაქის მერისგან პირობის შესრულებას და ნანატრი სურვილის ახდენას ელოდება. ერთ-ერთი მათგანია თბილისში მცხოვრები ციცინო დადვანი, რომელიც ამბობს, რომ 28-წლიანი მოლოდინის შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დადგა.
"საკუთარი ბინა არ მაქვს და არც მქონია. აქამდე მეგონა, რომ მთელი დანაზოგი დაკარგული იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ბინით უზრუნველმყოფენ, ამ მომენტის დადგომას 28 წელი ველოდი. ვერ აღვწერ, რა მაქვს გადატანილი. ქირით ვცხოვრობ, ბოლოს ისე გამიჭირდა, რომ ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ მქონდა.
ახლა ნანატრი სურვილი ამიხდა. ველოდები, როდის ჩამაბარებენ ჩემი სახლის გასაღებს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. დიდი საქმე გამიკეთა ქალაქის მერიამ, ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი ახლა მაქვს. მადლობა ყველას, ვინც ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა და დამეხმარა", - ამბობს ციცინო დადვანი `რეზონანსთან~.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველოფა არის სახელმწიფოს ვალი, რომელიც აღიარებულია.