„ეს მოსამართლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. მთელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ერთი წარმომადგენელი შეიძლება იყოს კომისიის წევრი, ამით არაფერი დაშავდება“, - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელშიც მოსამართლეთა სკანდალური 10-კაციანი სიის 8 მოსამართლის მონაწილეობა დაპირისპირების მიზეზი გახდა.
შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოთხოვნით, რომ შეიცვალოს სამუშაო ჯგუფის ფორმატი.
„სასურველია, რომ ეს პროცესი გაიმართოს საჯაროდ და მასში მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებამ. რაც შეეხება პრეტენზიებს, ეს მოსამართლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. ათივე, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ შეიძლება შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც იქნება კომისიის წევრი. მაინც რა კრიტერიუმები უნდა დაადგინონ, თავის თავზე ხომ ვერ მოირგებენ? თანაც კომისია არ იღებს გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.
„სასურველია, რომ ეს პროცესი გარკვეული ვადით გადაიდოს. 2010-ში და ბოლო კომისიის დროსაც ვაცხადებდი, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი გადავადდეს. ახლაც ამის მომხრე ვარ, რადგან ამ დროში შეჯამდება ის კრიტერიუმები და ის წესი, რომლითაც უნდა გამწესდნენ ეს მოსამართლეები“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.