"ჩინჩალაძე კლანის "უკანა კარიდან" შეყვანას შეეცდება" - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა
ელზა პაპოშვილი
28.01.2019

 "რედისონში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. "სისტემა უნდა შეიცვალოს", "კლანის სახეები ჩინჩალაძე და მურუსიძე მართლმსაჯულების გარეთ უნდა იყვნენ", "რაც უნდა კარგი კანონი მიიღოს პარლამენტმა, ეს ხალხი მაინც მოახერხებს, რომ ჩინჩალაძის კლანი შეიყვანოს უკანა კარიდან" - ეს არის ძირითადი შეფასებები, რაც სხდომის განმავლობაში მესამე სექტორის მხრიდან საპროტესტო აქციაზე ისმოდა.

სხდომაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა იგი სრულიად სხვაგვარად წარიმართა და მთელმა სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

სხდომის პარალელურად "რედისონ ბლუ ივერიასთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ თანამდებობა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალური სიის შედგენაში მონაწილებდნენ, გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა და შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანამდებობები დატოვონ სასამართლოში არსებული "კლანის" ლიდერებმა და გატარდეს სასამართლოს რეფორმა.

ასევე, დაპირისპირება მოხდა თავად სხდომაზეც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ნაზი ჯანეზაშვილმა "მთელ კვირასთან" განაცხადა, რომ სანამ სამუშაო ჯგუფის ფორმატი არ შეიცვლება, ისინი შეხვედრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ; რომ შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება.

იგი მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წვერს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან პრეტენზიები აქვს და ამბობს, რომ სხდომაზე ის მოსამართლეები მივიდნენ, რომლებიც პარლამენტისათვის წარდგენილ სკანდალურ 10-კაციან სიაში იყვნენ და არ გამორიცხავს, რომ ისინი ჩინჩალაძისა და მურუსიძის მოთხოვნით მივიდნენ. მისი თქმით, მიიყვანეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალოდ სიაში, მათ შორის ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ სიაში ამ ფორმით ყოფნას და ამ ფორმით წარდგენას. მათთან ერთად უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა არასერიოზულია. მისი აზრით, აშკარაა, რომ ამ ადამიანებს პირადი დაინტერესება აქვთ, რათა სიაში ისევ მოხვდნენ.

"სამუშაო ჯგუფი იმიტომ დავტოვეთ, რომ ამ სხდომას სიაში მყოფი 8 ადამიანი ესწრებოდა. ისეთი მოსამართლეებიც მოვიდნენ, რომლებიც ამ სხდომებს არასდროს დასწრებიან. ეს ადამიანები შეხვედრებზე არასდროს მინახავს.

 "პროცესს რომ სანდოობა ჰქონდეს, აქ ობიექტური ადამიანები უნდა ისხდნენ, რომელთაც პირადი ინტერესები არ აქვთ. ამ პროცესს სანდოობა არ ექნება, თუ ისევ ის ადამიანები იმუშავებენ კრიტერიუმებზე, რომელთა გამოც საერთოდ ამხელა აჟიოტაჟი ატყდა.

"300-მდე მოსამართლეა და რატომ მაინცდამაინც ეს რვა ადამიანი უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფში? ჯგუფში მოსამართლე წევრების გადახალისება და შეცვლა უნდა მოხდეს. ნუ მოჰყავთ ის მოსამართლეები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან შეყვანილი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოდან არც ერთი მოსამართლე არ ესწრებოდა. ეს ხალხი ისევ ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა მოიყვანა, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ. ესენი პარლამენტის დაპატიჟებულები აშკარად არ იყვნენ", - აცხადებს ჯანეზაშვილი "მთელ კვირასთან".

მისივე თქმით, ამ სამუშაო ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის მინისტრის მოადგლე, საერთაშორისო დონორები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ; ასევე, ამერიკის საელჩო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და ყველა სტრატეგიული პარტნიორი ამ ჯგუფშია წარმოდგენილი. ამიტომაც ამ ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტებს მაღალი წონა აქვს. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფში მომუშავე ყველა მოსამართლე კლანთან დაახლოებულია და ამ ჯგუფის მუშაობას აზრი არ აქვს.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ის სამუშაო ჯგუფის ამ ფორმატში მუშაობაზე თავიდანვე პესიმიზმს გამოხატავდა. მისი თქმით, ეს ფორმატი წელიწადნახევარი-ორი წელია, რაც არსებობს და მას ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრაც ჰქონია, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

ბარამიძე ამბობს, რომ ამ სამუშაო ჯგუფიდან არაფერი ხეირიანი არ გამოვა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ არის იუსტიციის საბჭო, რომლიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. მოსამართლეების ამ კლანს კი არანაირი კომპრომისი და დათმობაზე წასვლა არ უნდა. ისინი უკვე წლებია, ნებისმიერ ფასად ცდილობენ, რომ სასამართლოში საკუთარი ინტერესები გაატარონ.

"მათი ერთადერთი ინტერესი ის არის, რომ თავიანთი ბატონობა სასამართლო ხელისუფლებაში კიდევ უფრო გაამყარონ. მათთან ლაპარაკს არავითარი აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციაც და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც სხდომას დატოვებდნენ.

"აუცილებელია, რომ საბჭო ამ შემადგენლობით დაიშალოს. იმის მოლოდინი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები თავად გადადგებიან, მცდარი მოლოდინია, მაგრამ გამოსავალი მისი დაშლაა.

"საჭიროა ძირეული რეფორმები, რაც "ოცნების" პირობებში ვერ მოხდება, რადგანაც ამ მოსამართლეების კლანს ხელისუფლება სრულიად მფარველობს და ეს ყველაფერი ფარსია, საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა.

"რაღაც ფარსს გაათამაშებენ, ვითომ ცვლილებებს შეიმუშავებენ, რომლის ნდობა და ეფექტი ნულოვანი იქნება. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვლება, როდესაც 2020 წელს ახალი პარლამენტი გვეყოლება. "ოცნების" პირობებში არავითარი რეფორმა არ იქნება", - აცხადებს ბარამიძე "მთელ კვირასთან".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამ სამუშაო ჯგუფს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რეალურად კი ყველაფერს მაინც პარლამენტი გადაწყვეტს. მისი აზრით, ვიდრე უფრო ფართოდ არ იქნება გააზრებული, რა ცვლილებები უნდა გატარდეს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ამ საკითხის ასე მარტივად გადაწყვეტა არ მოხდება. სამუშაო ჯგუფი ვერაფერს გადაწყვეტს, მათ მხოლოდ გარკვეული ინიციატივებისა და მოსაზრებების შემუშავება შეუძლიათ.

"ეს სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ კრიტერიუმებზეც რომ შეთანხმდეს, მაინც არაფერს ნიშნავს. თუ ეს გადაწყვეტილება კანონებში უნდა აისახოს, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. თუ ეს სასამართლოს შიდა რეგულაციას ეხება, მაშინ შესაბამისმა ინსტანციებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. სამუშაო ჯგუფი არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებს. ამიტომ ამხელა აჟიოტაჟი მის ირგვლივ სწორი არ მგონია.

"ჩვენ ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის წესს. დღევანდელი კანონმდებლობით, შერჩევა შეუძლია იუსტიციის საბჭოს, შემდეგ კი პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

"ჩემთვის ამ სამუშაო ჯგუფის მიერ მოწოდებული წინადადებები ისეთივე ტიპის წინადადებები იქნება, როგორიც ნებისმიერი ექსპერტის მიერ პარლამენტში შემოტანილი ინიციატივა. საკანონმდებლო ცვლილებაზე თუ იქნება ინიციატივა, მაშინ კომიტეტზე უნდა გავიდეს განსახილველად, შემდეგ - საპარლამენტო სესიაზე. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გავახმოვანებ, როდესაც ამ ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას გავიგებ", - აცხადებს ჟორჟოლიანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×