შანსი იმისა, რომ ვენესულამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს, რეალურია. თუკი ვენესულაში ოპიზიციამ გაიმარჯვა, ეს მოვლენა საქართველოზე დადებით ასახვას ჰპოვებს. რუსეთი კი, ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე გავლენებს დაკარგავს. ამ რეალობაზე მიგვანიშნებს ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს ვენესუელაში მიმდინარეობს - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
ვენესუელაში სიტუაცია სამოქალაქო ომის ზღვარზეა მისული. ამერიკელი დიპლომატების ნაწილი ამ დრომდე ვენესუელაში რჩება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი აცხადებს, დიპლომატებისა თუ ოპოზიციის დაშინების ნებისმიერ მცდელობას მნიშვნელოვანი პასუხი გაეცემა.
ქვეყანა სამი დღის განმავლობაში ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა, - მოთხოვნას ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომა წარმოადგენდა. ვენესუელას პარლამენტის თამჯდომარემ, ხუან გუაიდომ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა და თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირა და ქვეყნის ლიდერად აღიარა. დღევანდელი მონაცემებით, ხუან გუაიდო ვენესუელას ლიდერად ავსტრალიამ და ისრაელმაც აღიარეს. ამასთანავე, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო 10-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის საქართველოცაა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა, - ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადევაშია ნათქვამი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო იმ მომხრეებსაც დაკარგავს, ვინც მას მხარს უჭერს. მისი თქმით, ვენესუელაში მადუროს ხელისუფლების დამხობით, რუსეთი კიდევ ერთ „ბერკეტს" დაკარგავს.
„მადურო კიდევ უფრო დაკარგავს თავის მომხრეებს, ისედაც ბევრი დაკარგა ეკონომიკური კრიზისის შედეგად. საბოლოოდ, მას მოუწევს დათმობაზე წასვლა. ვიცით, რომ მადურომ აშშ-ს დიალოგი შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე მადურომ გამოაცხადა, რომ ვენესუელა აშშ-სთან დიპლომატიურ ურთოერთობას წყვეტს.
„მადუროს რეჟიმი მალე დასრულდება, რაც დადებით ასახვას ჰპოვეს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. თუ მადუროს რეჟიმი დაემხო, ახალი ხელისუფლება აშშ-სთვის და ევროპისთვის უფრო სასარგებლო პოლიტიკას გაატარებს.
„ამ ფაქტმა ასევე შესაძლოა დადებითი ასახვა ჰპოვოს საქართველოზე, კერძოდ: უკვე ვენესუელას ახალმა ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ეს კი დიდი ალბათობით მოხდება, რადგან ვენესეულას, რომელიც დღეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფება, პირველ რიგში აშშ-სგან სჭირდება დახმარება.
„ამერიკის კონგრესმა მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც კრძალავს ამერიკის მხრიდან პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებს. ამიტომაც ვენესუელას მოუწევს უარი განაცხადოს ამ აღიარებაზე. საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც ქვეყანას უღიარებია კონკრეტული, მეორე ქვეყნის მთავრობა, მაგრამ შემდგომში უკან გაუწვევია," - აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მადურო უკან დახევას არ ფიქრობს და აღნიშნული პროცესი უფრო მწვავე სახეს მიიღებს.
„ბატონი მადურო არ აპირებს საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიოს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მადუროს სამხედროებმა მხარი დაუჭირეს. მოსალოდნელია, ეს დაპირისპირება დიდი ხანი გაგრძელდეს ან მან მწვავე ფორმა მიიღოს.
„ეკონომიკური პროცესები და საერთოდ, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების დინამიკა ისეთია, რომ ამ რეჟიმს, რა თქმა უნდა, დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ უწერია, რადგან ქვეყანაში სრული ეკონომიკური კოლაფსია და ადამიანები ამას დიდხანს ვერ აიტანენ," -აღნიშნა მან.
ვენესუელას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესაძლო უკან გაწვევას, მენაღარიშვილმა „ლოგიკური" უწოდა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ვენესუელაში მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„შესაძლებელია და ალბათ მოსალოდნელიც, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი იყო იმ რეჟიმისა, რომელიც დღეს ვენესუელას მართავს.
„გასაგები და ყველასთვის ნათელია, რომ ეს მოხდა რუსეთის კარნახით, ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ვენესუელაში," - აცხადებს მენაღარიშვილი.
ვენესუელას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლო უკან გაწვევას, ჩიტაძე საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას უწოდებს და აცხადებს, რომ ამას შეიძლება ნიკარაუგას მიერ იგივე გადაწყვეტილების მიღება და ამ ქვეყნის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას ხელისუფლების დამხობაც მოჰყვეს.
„შესაძლებელია მოგვიანებით დასუსტდეს ნიკარაგუის რეჟიმიც. დასაბამი მიეცეს ნიკარაგუაში გამოსვლებს, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი არის და აშშ-ს მხრიდან დახმარებას საჭიროებს. შემდგომში შესაძლოა დაემხოს ორტეგას რეჟიმიც. ნიკარაგუამ ვენესუელის პარალელურად აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა. შესაძლოა, მოგვიანებით ამ ქვეყანამაც გაიწვიოს უკან თავისი დადგენილება.
„ეს საერთაშორისო ასპარეზზე იქნება საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება რუსეთთან მიმართებაში, დიპლომატიის სფეროში. გარდა ამისა, დადებითად აისახება ვენესუელაში ოპოზიციის გამარჯვება ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე და ასევე, შეამცირებს რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟს. რუსეთი პრესტიჟის ამაღლებას ცდილობს მოკავშირეების წახალისების ფარგლებში," - განაცხადა ნიკა ჩიტაძე.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ს დიალოგი შესთავაზა. მადურომ ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების მოთხოვნაც შეამსუბუქა.
მენაღარიშვილი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მადუროს ეს გადაწყვეტილება მისი ხელისუფლების არსებობას გაახანგრძლივებს.
„იმ სიტუაციაში, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, ქვეყანა აფეთქების პირასაა, - დიალოგის ფორმატის შექმნა არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს არ შეიძლება იქცეს მადუროს ხელისუფლების არსებობის გახანგრძლივების ინსტრუმენტად. ის, რაც რუსეთმა და ზოგიერთმა სხვა მოთამაშემ დააყენა წინანდელი სახით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რა თქმა უნდა, აქ სიფრთხილეა საჭირო.
„ვენესეულას რუსეთი განიხილავს, როგორც თავის სატელიტს და ცდილობს ყველანაირად მისი პოზიციები დაიცვას. ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი დგამს, სულაც არ არის გასაკვირი. ეს იმ სტილშია, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მახასიათებლად ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
ცნობისათვის, ვენესუელას პრეზიდენტად ნიკოლას მადურო პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნია საქართველოს ხელისუფლებამაც.