(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია მზად იქნება უზრუნველყოს საქართველოში მისი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება,ექს-პრეზიდენტი მშვიდობიანი გზით მოახერხებს ხელისუფლების ცვლილებას.
„აქ არის ძალიან მარტივი ტესტი - 72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ რისკავს საქართველოში შემოსვლას, თუ ის ამ სცენარში დარწმუნებულია, სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მის 72 საათიან თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ის ამას გარისკავს.
„მე ჩემი თავი გადადებული მაქვს, მზად ვარ იმ სცენარისთვის, რაც დამართეს ზვიად გამსახურდიას ხიბულაში. მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოს ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების, მსხვერპლის და ძალადობის გარეშე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.