მარი გოცირიძე
29.01.2019

 ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წამყვანმა მწარმოებელმა "ქართული ლუდის კომპანიამ" (სს "ქართული ლუდის კომპანია") 25,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა.

ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო.

როგორც მხარეებმა ხელშეკრულების პრეზენტაციისას ჟურნალისტებს განუმარტეს, ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი) განახორციელეს, ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ფ კატეგორიის ლისტინგში 2018 წლის 26 დეკემბერს მოხდა. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ს რიგით მეორე ინვესტიცია.

საქართველოს საფონდო ბაზარზე განხორციელებული ობლიგაციების ემისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,ქართული ლუდის კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა კახა კოტრიკაძემ. მან ასევე დადებითად შეაფასა გასული წლის საქმიანობა და აღნიშნა, რომ სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, 2018 წელი კომპანიისათვის საკმაოდ საინტერესო იყო.

"გასული წელი ქართული ლუდის კომპანიისთვის საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო იყო. ჩვენ შევძელით არსებული გამოწვევების თავის გართმევა და ამ ნაყოფიერი საქმიანობის შედეგია ისიც, რომ მოვახერხეთ 5 წლიანი ობლიგაციების გამოშვება და განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. მთლიანობაში 25 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით და განვათავსეთ, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების მხრიდან არის ძალიან მაღალი ნდობა კომპანიისადმი - რომელიც გამოიხატება როგორც კომპანიის სტარტეგიული განვითრების სწორ ხედვაში, ასევე ჯანსაღ და სტაბილურ ფინანსური მდგომარეობაში.

,,ქართული ლუდის კომპანია" აღნიშნულით განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადადის, რადგანაც 2019 წლის პირველი იანვრიდან იგი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანია ხდება. კომპანია ანგარიშვალდებული იქნება, საკუთარი მიღწევები და ფინანსური მაჩვენებლები ყოველკვარტლურად თუ ყოველწლიურად საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საფონდო ბირჟასთან და ინვესტორებთან დაადეკლარიროს," - აღნიშნა კახა კოტრიკაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 30 მარტს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH-მა ს.ს "ქართული ლუდის კომპანიას" "BB" რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით.

"ქართული ლუდის კომპანიაზე" რეიტინგი ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, ბაზრის წილისა და ძლიერი საბალანო უწყისის გამო მიენიჭა რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს ქართული ლუდის კომპანია შეაფასა დადებითად და აღიარა კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა.

აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს "ქართული ლუდის კომპანიას" თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.

როგორი თიბისი კაპიტალის დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა განაცხადა, ეს არის მორიგი შემთხვევაა, როდესაც თიბისი კაპიტალი მუშაობს ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - "ქართული ლუდის კომპანიასთან" და ეხმარება მას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით.

მისი შეფასებით, მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია, კომპანიას ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის.

"მოხარული ვართ რომ სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სქოუპ რეიტინგსის საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის კომპანიას და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე როგორც უკვე საჯარო ქართულმა კომპანიამ. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ობლიგაციის ემისია

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის. თიბისი კაპიტალი დაეხმარა ქართული ლუდის კოპანაის ლარის საჯარო ობლიგაზიების ემისიაში. ჩვენი როლი ამაში ორმხრივია, ერთის მხრივ, ვიყავით მრჩეველიბი საკრედიტო რეიტინგის მოძიებაში, ხოლო მეორე მხრივ, დავეხმარეთ კომპანიას 25 მლნ ლარის ობლიგაციის ემისიასა და შემდგომ განთავსებაზე. აღნიშნული ობლიგაცია, დეკემბრის მდგომარეობით დარიცხულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე", - განაცხადა ელაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს საფონდო ბაზარი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

"თიბისი კაპიტალისთვის 2018 წელი საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო. ჩვენ შევძელით წლის განმავლობაში 8 ორგანიზაციის ემისია, აქედან 5 ობლიგაცია საჯარი ემისიის გზით არის დარიცხული უკვე საქართველოს საფონდო ბირჟაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოს საფონდო ბაზარი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, რაშიც თიბისი კაპიტალს დიდი წვლილი მიუძღვის. მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მოძიება, შეუძლიათ იყვნენ გამჭვირვალეები და ფიქრობენ, როგორ მოახდინონ დივერსიფიკაცია ამ მიმართულებით. დარიცხული ობლიგაციების ჯამური რაოდენობა თუკი 2015 წელს დაახლოებით 200 მლნ ლარი იყო, 2018 წლის ბოლოს ეს ციფრო გაიზარდა 800 მლნ ლარამდე, რაც ბაზარზე მზარდი მაჩვენებელია. ხოლო კომპანიებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, რომ აალტერნატიული დაფინანსების წყარო შეღავათიან ფასში მოიძიონ", - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 400 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, რომლებიც ვადამოსული ხდება 2023 წლის 21 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 21 დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 21 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) კაპიტალური დანახარჯების დაფინანსება 2) არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.

"ქართული ლუდის კომპანია" თიბისი ჯგუფთან დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. 2011 წლიდან დღემდე ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა თიბისი ბანკთან, მთავარ ფინანსურ პარტნიორთან ერთად. 2018 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის ფინანსირების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით. თიბისი ბანკისა და ევრობანკის მიერ განხორციელდა კომპანიის ერთობლივი დაფინანსება და მნიშვნელოვნად შემცირდა კომპანიის დანახარჯები უცხოურ ვალუტაში მოზიდულ ფინანსურ სახსრებზე. ობლიგაციების ემისიის საშუალებით კი ქართული ლუდის კომპანიამ მიიღო გრძელვადიანი რესურსი ლარში, რაც ამცირებს სავალუტო რისკებს კომპანიისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×