ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ზუსტ ციფრებს და ზარალის ოდენობას, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ჩავარდნა გვექნება"
თეო გუდავაძე
29.01.2019

 ღორის გრიპმა ტურიზმზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა. ტურისტები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ჯავშანს მასობრივად აუქმებენ. სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ დამსვენებლების სიმცირეა და ყოველდღე უფრო მეტი ჯავშანი უქმდება, რადგან ეპიდემიის შიშით ისინი საქართველოში დასვენებაზე უარს ამბობენ. უკვე გაჩნდა ფინანსური კრიზისის ნიშნებიც. შეიძლება ითქვას, სეზონი ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები შეამცირეს, დამსვენებელთა რაოდენობამ მაინც იკლო.

სასტუმროების მეპატრონეები "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებენ, რომ ჯავშნების თითქმის 25% უკვე გაუქმებულია, მიზეზად კი დამსვენებლები საქართველოში გავრცელებულ ვირუსს ასახელებენ. მენეჯერები და მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, მომსახურების ფასები შეემცირებინათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მაინც მისცემოდა დასვენების საშუალება, თუმცა ჯერჯერობით არც ამან უშველა საქმეს.

მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროს - "ლამპრების" მენეჯერი მარიამ გულბანი "რეზონანსთან" ადასტურებს ჯავშნების გაუქმების ფაქტს.

"ახალი წლის შემდეგ უამრავი ჯავშანი გაუქმდა ჩვენს სასტუმროში და ანალოგიური მდგომარეობაა ყველგან. რუსებს განსაკუთრებული შიში აქვთ, რადგან პროპაგანდა მათზე გავლენას ახდენს და ფიქრობენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მართლაც ხდება ვირუსების "გამოყვანა". არადა, ეს ღორის გრიპი მთელ ევროპაშია მოდებული.

ბაკურიანში ჩემს მეგობრებს "მგზავრების" აპარტამენტში ბევრი ბინა აქვთ გასაქირავებელი. შარშან ამ დროს ადგილი არ ჰქონდათ და ერთი დღეც არ იყო თავისუფალი ნომერი. ახლა კი იმაზე მეწუწუნებოდნენ, რომ იანვარში თითქმის არ ჰყოლიათ დამსვენებელი, თუ არ ჩავთვლით ძველით ახალ წელს და შობას.

საბოლოოდ ეს ყველაფერი ეკონომიკას დაარტყამს. ზამთრის კურორტებზე ტურისტების სიმრავლე ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თებერვალშიც ასეთი მდგომარეობა თუ შენარჩუნდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს პირწმინდად ჩავარდა ტურისტული სეზონი," - აღნიშნა მარიამ გულბანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთი მართლაც აქტიურად ეწევა ანტიქართულ კამპანიას და მოსახლეობას აფრთხილებენ ყველა შესაძლო რისკზე, რაც მათ საქართველოში დასვენების შემთხვევაში შეიძლება შეექმნათ. თითქმის ყველა რუსულ არხზე აშუქებენ საქართველოში ღორის გრიპით დაღუპულ ადამიანებზე ინფორმაციას და მოსახლეობას მოუწოდებენ, საზღვარი არ გადმოკვეთონ. კარანტინია გამოცხადებული აფხაზეთსა და ცხინვალში. იქ მცხოვრებ ადამიანებს საზღვრის გადმოკვეთა არ შეუძლიათ.

გუდაურში მდებარე სასტუმრო "კრისტალის" მენეჯერი გიორგი ლომიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯავშანი ნამდვილად გააუქმეს ტურისტებმა და მათი უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იყო.

"ჩემი სასტუმრო არც ისე დიდია, თუმცა დეკემბერშივე მქონდა ხოლმე დაჯავშნული იანვრის ყველა დღე. ახლა კი სანახევროდ მოსხნილია ჯავშნები. რუსეთში აქტიურად საუბრობენ საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვლილ ადამიანებზე და უმეტესად სწორედ რუსულენოვანი ტურისტები აუქმებენ ჯავშანს. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება. სეზონი ისე ვერ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით და ვფიქრობ, ეს ეკონომიკაზე ცუდ გავლენას იქონიებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ლომიძემ.

ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ სეზონის ჩავარდნა უარყოფით ეფექტს ნამდვილად მოიტანს, თუმცა ტურისტების გამტყუნება შეუძლებელია.

"ეს ყველაფერი თავიდანვე მარტივი მისახვედრი იყო. ისეთი გნიასი ავტეხეთ ყველამ, რომ უნდა გვცოდნოდა, მოვლენები როგორც განვითარდებოდა. რუსეთი ყველა ღონეს მიმართავს, ხალხთა შორის კავშირი შეასუსტოს, იქნება ეს ტურიზმი თუ სხვა სფერო. კრემლმა მიანიშნა მოსახლეობას, რომ თუ წამოვიდოდნენ საქართველოში და ღორის გრიპი შეხვდებოდათ, რუსეთი პასუხისმგებლობას არ იღებდა ამ მოქალაქეების წინაშე. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დააბრკოლა ტურისტები.

რასაკვირველია, ეს დიდ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ზუსტ ციფრებს და ზარალის ოდენობას, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ჩავარდნა გვექნება. ზამთრის ტურიზმი და ეს სეზონი ნამდვილად იყო ეკონომიკური წინსვლის კარგი შესაძლებლობა, თუმცა ღორის გრიპმა და მისგან მომდინარე აჟიოტაჟმა ცუდი გავლენა იქონია წლევანდელ ტურისტულ სეზონზე", - აღნიშნა ტურიზმის ექსპერტმა ნიკა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×