შესაძლოა „ქართულ ოცნებაში" ახალი დაპირისპირება დაიწყოს. ამის მიზეზი კი ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწებული კამპანიაა. დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში მის ოჯახის წევრს გაუგზავნეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, რომელმაც 7 წლის განმავლობაში ბრძოლის ეს ბინძური მეთოდი აირჩია.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავენ, რომ პარტიის შიგნით ვიღაც სიტუაციას ამ ფორმით ხელოვნურად ძაბავდეს. თუმცა უმრავლესობიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავცელა, ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან არ არის გამორიცხული ის მოსამართლეებიც იდგნენ, რომლებიც ბესელიას მიმართ გაღიზიანებას არ მალავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და დეპუტატი ჭიჭინაძე დაკითხვაზე დაიბარა. უწყების ცნობით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის - პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.
„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის - პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაბარებულია გამოკითხვაზე," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა. დეპუტატი ამ ბინძურ კამპანიას სწორედ ბესელიას დასასჯელად წამოწყებულ პროვოკაციას უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვს.
„გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებით დაიწყეს გავრცელება ქალბატონი ეკას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, რომ შსს, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას".
"როგორც კი გავრცელდა გუშინ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს, რომ გამწესდეს, ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და, შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
თავად უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამ ინფომაციას სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა დაიწყეს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი მისამართით ახალი შეტევა მიმდინარეობს.
ბესელიას თქმით, „პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი", რომელიც წინა ხელისუფლების დროს დამზადდა, გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგამოძიებო უწყებების პირველ პირებს - შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, მიმართავს და მომხდარზე დროულ რეაგირებას ითხოვს. დეპუტატი მოითხოვს გაირკვეს, ვინ იბრძვის მის წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით.
„ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე შეფასებების გარეშე: ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.
"მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ.
"ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოცქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.
"ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ და დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს.
"მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
"ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...," - აღნიშნულია ეკა ბესელიას განცხადებაში.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" მომხდარ ფაქტს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ეკა ბესელიას ფიგურის დისკრედიტაცია სურს. მისი თქმით, „ოცნებაში" დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს.
ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ბესელიას პოზიციამ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გარკვეულწილად გაიმარჯვა და ის საზოგადოების მოსაზრებასთან სრულ თანხვედრაშია.
ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია დაიწყო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მიუხედავად ორდღიანი შეხვედრებისა ივანიშვილთან, გუნდში მოჩვენებითი სიმშვიდეა და დაპირისპირეება არსად არ წასულა.
„ამ დაპირისპირების გამოყენება ძალიან ბევრ სუბიექტს სურს და შეუძლია კიდევაც. ბესელიას წინააღმდეგ ძალიან ბევრი ჯგუფია, რომელიც მის დისკრედიტაციას შეეცდება. ვიცით, რომ თავად გუნდის შიგნითაც არის მის წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი ჯგუფი, ასევე მოსამართლეები, რომლებიც საკმაოდ გაღიზიანებულები არიან.
"ქვეყანაში არიან კიდევ ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება არ უნდა ჩაცხრეს და პირიქით, უფრო უნდა გააღვივონ. მოკლედ დღეს ფართო სპექტრია დაინტერესებული, რომ „ოცნებაში" სიტუაცია არ დალაგდეს.
"ხელისუფლება საკმაოდ მძიმე ვითარებაშია, რადგანაც თუ კადრების გამავრცელებლის ადრესატი დადგინდა, მაშინ აქამდე გავრცელებულ სხვა ჩანაწერების ამტვირთველის ვინაობის დადგენასაც მოსთხოვენ. თუ ვერ დაადგინეს, მაშინ ხელი გაშვერილი ყოველთვის მათკენ იქნება. მოკლედ ამით ვიღაცამ ორი კურდღლის მოკვლა სცადა და ფაქტია გამოსდის კიდევაც",-აცხადებს „რეზონანსთან" ძაბირაძე.