რეზონანსი
29.01.2019

 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ:

"გვსურს გამოვხატოთ პოზიცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გრიგოლ ივანეიშვილი ქ. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე, 2017 წლის ნოემბერში, ამავე ქალაქში სამეწარმეო საქმიანობას 20 წელზე მეტია ეწევა. ამ წლების განმავლობაში, მან ქალაქში განახორციელა 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და წარმოადგენს რაიონის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში დასაქმებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი.

ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა მისი საქმიანობაც წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც მოიაზრებს ინვესტიციების მოზიდვასა ინვესტორების დაინტერესებას ქალაქში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების თვალსაზრისით. ამავე მიზნით, თანამდებობის ფარგლებში არსებული კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდა ბრალდების მიერ აპელირებად შემთხვევაში პოტენციური ინვესტორის მხარდაჭერაც სახელმწიფო ქონების აუქციონის საშუალებით პრივატიზების საქმეში.

ცნობილია, რომ ბრალდების საქმეში მითითებული ქონების პრივატიზაცია უკვე გაწერილი იყო ქალაქის წლის ბიუჯეტში. ამასთან, ქონების გასხვისებამდე გაიმართა ორი წარუმატებელი აუქციონი, სადაც ქონების ღირებულება იყო იდენტური ბრალდების საქმეში ხსენებული აუქციონისა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი გასხვისება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გრიგოლ ივანეიშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანად წარმართული გამოძიების საშუალებით, სასამართლო უზრუნველყოფს ჭეშმარიტების დადგენას.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ გრიგოლ ივანეიშვილს არ შეუძენია არც ერთი უძრავი, თუ მოძრავი ქონება. ყველა ქონება მას შეძენილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებამდე, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გამოძიებას. ვიმედოვნებთ, პროცესი წარიმართება სამართლიანად და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საზოგადოებასა და მხარეებს მივმართავთ თხოვნით, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისგან გამოძიების პროცესში, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე“, – ნათქვამია გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×