(რეზონანსი) ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილებზე არ შედის. ისინი, ამ წუთებში, ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ახალგაზრდები განათლების სამინისტროს გუშინდელ მიღებულ გადაწყვეტილებას შემდეგი ლოზუნგებით აპროტესტებენ: "სამინისტროში ოროსნები არიან", "სამართალი სახლში დაგრჩათ?, "ძირს უსამართლო სისტემა".
ისინი ამბობენ, რომ საატესტატო გამოცდები მათთვისაც უნდა მოიხსნას.
"ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის" - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.
საპროტესტო აქცია 15 საათზეც არის დაგეგმილი, რომელიც მოსწავლეების თქმით, უფრო მასშტაბური იქნება.