ტატა შოშიაშვილი
29.01.2019

 "მადუროს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც მისი რეჟიმი დაემხობა, ხოლო ხელისუფლებას ჩაიბარებს გარდამავალი მთავრობა, რომელიც შემდეგ მოამზადებს ვენესუელას ახალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის",-ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელისთვის ახალი სანქციების დაწესება.

აშშ-ის სანქციები ვენესუელის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA-ს ეხება და კომპანიის 7 მლრდ-ის ოდენობის აქტივების დაბლოკვას გულისხმობს. ცნობილია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თავის იურისდიქციაში არსებული ვენესუელის კომპანიის აქტივები უკვე დაბლოკა და აკრძალა ყველა გარიგება PDVSA-სთან.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა კი 29 იანვარს სოციალური ქსელის, "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე სანქციების შემოღება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შემოსავალის წყაროები აღარ ჰქონდეს.

"რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ეს სანქციები ვენესუელისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო მადუროს ე.წ. ხელისუფლება კი განწირულია.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ვენესულის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და ვენესუელის მოსახლეობას-უზრუნველყოფს მათ რესურსებითა და მხარდაჭერით, რითაც ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენას შეძლებენ.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ბოლტონმა აცნო საზოგადოებას, დაახლოებით რამდემდენი მილიარდი დოლარით დაზარალდება ვენესუელა:

"არსებითად, 7 მლრდ დოლარის აქტივები დაიბლოკება დღეს და ნავთობის მიწოდებაში კიდევ 11 მლრდ დოლარს დაკარგავს სამომავლოდ",-ამბობს ბოლტონი.

აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები გულისხმობს, რომ ვენესუელა შეძლებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაყიდვის გაგრძელებას, მაგრამ მიღებული თანხა დაბლოკილ ანგარიშებზე გადაირიცხება. შესაბამისად, ვენესულის მოქმედ ე.წ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ფინანსებთან წვდომა არ ექნება.

კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოღებული სანქციები სიახლე არაა, უბრალოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკუთრებით მწვავედ ჩანს:

"ეს სანქციები ახალი არ არის ვენესუელისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ ამჟამად სიტუაციაა შეცვლილი-თუ აქამდე ვენესულეის რეჟიმები მეტ-ნაკლებად სარგებლობდნენ ხალხის მხარდაჟერით, ახლა, რეალურად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ეს გამოიხატება იმაში, რომ, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა აქვთ ქვეყანაში.

"აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პატარა ნაბიჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული რეჟიმის მდგრადობისთვის, რადგან იქნება ეს სანქცია, თუ რომელიმე ქვეყნის მიერ ახალი ხელისუფლების აღიარება, რეალურად სერიოზულ პრობლემებს უქმნის მადუროს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი ხელისუფლება, ფაქტობრივად, განწირულია. უბრალოდ, დროის საკითხია, როდის მოხდება ეს.

"რაც უფრო მეტი სანქციები იქნება და რაც უფრო მეტად იქნება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან, მით უფრო დიდია შანსი, რომ მადუროს ეს რეჟიმი რეალურად დაემხოს და ვენესულაში ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები."-ამბობს კაკაჩია.

მისივე განცხადებით, ხუან გუაიდოს ვენესუელის სათავეში მოსვლით შესაძლოა, რომ ქვეყნის პოლიტიკა შეიცვალოს აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების მიმართ:

"ამან შეიძლება, რომ შეცვალოს ვენესუელის გეოპოლიტიკური ორინტაცია და ასევე, შესაძლოა, რომ პირდაპირი გავლენა იქონიოს მათს საგარეო პოლიტიკაზე. კერძოდ, თუ ასეთი სცენარი განვითარდა, ალბათ, უკან გამოიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, რაც სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის პრესტიჟისთვის და პირადად პუტინის იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ბოლო ათწელულების განმავლობაში ახორცელებს საქართველოსთან მიმართებით",-თქვა კაკაჩიამ.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია PDVSA-ისა და მისი შვილობილი კომპანია CITGO-ის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში შეიცვლება.

თავის მხრივ, ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელის ხელისუფლება საერთაშორისო და ამერიკულ სასამართლოებს მიმართავს, რათა კომპანიის აქტივები დაიცვას. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ნავთობკომპანია PDVSA-ს მიმართ აშშ-ის მიერ გააქტიურებული სანქციები კომპანია CITGO-ზე კონტროლის დამყარებას ემსახურება:

"დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ვენესუელისთვის CITGO-ს მოპარვა",-დასძინა მადურომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×