(რეზონანსი) ჯეკ შეპარდის ბრიტანელ ადვოკატს, რიჩარდ იგანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
უფლებადამცველის თქმით, მან წერილი მიიღო, სადაც 48 საათი მისცეს იმისთვის, რომ ჯეკ შეპარდის ინტერესების დაცვაზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით ემუქრებიან.
წერილში მკვლელობის რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, მათ შორის, დაჭრაზე, აფეთქებაზე, მოწამვლაზე, ასევე სახლის და ოფისის დაწვაზე. წერილის ბოლოს სვასტიკაა მიხატული, ქვემოთ კი წარწერაა „დიდება ჰიტლერს".
რიჩარდ იგანისთვის გაგზავნილ მუქარის წერილს პოლიცია ამოწმებს.
თავად ჯეკ შეპარდი კი, რომელსაც ბრიტანულმა სასამართლომ 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლის მოსპობისთვის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საქართველოს ციხეში იმყოფება. ჯეკ შეპარდი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბრიტანეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
საქართველოში ჯეკ შეპარდის ინტერესებს ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე იცავენ.