დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისთვის ახალი გზა გამონახეს. კერძოდ, მინსკის შეთანხმება შესაძლოა, რომ ახალმა გეგმამ ჩაანაცვლოს, რომელიც გაერო-სა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ძალებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ახალი ინიციატივის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა შექმნას სააგენტოები, რომელთა ფუნქცია რეგიონის აღდგენა იქნება და ეს ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ ეუთო-სა და გაერო-სთან.
ამის შესახებ ავსტრიულ გამოცემა „კლაინე ცაიტუნგს“ უკრაინაში ეუთოს წარმომადგენელმა, ავსტრიელმა დიპლომატმა, მარტინ საიდიკმა განუცხადა. „უკრინფორმის“ გადმოცემით, სწორედ საიდიკია ახალი სამშვიდობო გეგმის მთავარი ავტორი:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ მინსკის შეთანხმება არც ისე ეფექტურია. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ცენტრალური ელემენტის რეალიზაციისთვის - ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად - საჭიროა გარედახმარება. გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ გაერო-ს შეუძლია“, - განმარტა მარტინ საიდიკმა.
მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას წარუდგინეს დეკემბერში მილანში შეკრებისას. სხდომას ესწრებოდნენ როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.
სამომავლოდ „ნორმანდიული ოთხეულის“ სიაში შემავალმა ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ საბუთს და საპარლამენტო დონეზე დაამტკიცონ ის.
მარტინ საიდიკის გეგმის მთავარი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ე.წ. სპეციალური ხელმძღვანელის ზედამხედველობით გაერო და ეუთო პარალელურად კი არ უნდა მოქმედებდნენ, არამდ ერთად: ეს ეხება როგორც პოლიციისა და სამხედრო კომპონენტებს გაერო-ს მხრიდან, ასევე სადამკვირვებლო მისიას ეუთო-ს მხრიდან.
გარდა ამისა, საიდიკმა დაასახელა კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი გეგმის რეალიზაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა როგორც ე.წ. დონეცკის, ასევე ე.წ. ლუგანსკის სეპარატისტულმა რესპუბლიკამაც მიიღოს:
„საჭიროა შეთანხმება, რომელსაც მართლა ექნება წონა პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით. მინსკის შეთანხმება არ იყო რატიფიცირებული არც უკრაინის და არც რუსეთის პარლამენტების მიერ. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მივიღოთ ისეთი პოლიტიკური წონა, რომელზეც, დოკუმენტის რეალიზაციის შემდეგ ყველა შეძლებს დაყრდნობას“, -განაცხადა საიდიკმა.