ჩინჩალაძეს დახურული სივცრის შიში აქვს, რომ არ ჩაწერონ, ამიტომაც შეხვედრები ღია ცის ქვეშ დაიწყო - ასე აფასებენ „რეზონანსთან“ მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვდრის ფაქტს, რომლის ფოტოც „ტაბულას“ ჟურნალისტმა გადაიღო.
მათი აზრით, ეს ადამიანები ერთად გეგმავენ როგორ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა. ხოლო რუსთაველზე პარლამენტის სკევრში მათ შეხვედრას იმით ხსნიან, რომ მოსამართლე ჩინჩალაძე საკმაოდ ფრთხილი ადამიანია, რომლესაც საზოგადოებასთან კონტაქტის მუდმივი შიში აქვს. ის ფიქრობს, რომ მას უთვალთვალებენ და უსმენენ, ამიტომაც ღია ცის ქვეშ, ღამის საათებში თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად შეხვედრა იმ იმედით გადაწყვიტა, რომ მათ გამვლელები ვერ იცნობდნენ.
მაგალითად, არასამთავროები ამბობენ, რომ ვანო ზარდიაშვილი ჩინჩალაძის ნათელ-მირონია, ასევე ამ კლანს მეგობრული ურთიერთობა აქვს მამუკა მდინარაძესთან და ჩინჩალაძის კურსელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დავით მათიკაშვილი, რომელიც ახლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, ხოლო მისი მეუღლეც 2017 წელს მოსამართლედ დაინიშნა. მათი აზრით, ეს არის შეკრული ქსელი და ამ ადამიანების მეშვეობით მმართველი პარტია ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აბობენ, რომ ჩინჩალაძეს საკმაოდ ძლიერი კლანი ჰყავს, რომლებიც ძირითადად მისი კურსელების და ყოფილი თანამშრომელებით არიან დაკომპლექტებულები. მათი ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი 9 მოსამართლიდან 8 ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან და პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდებიან მას.
მაგალითად, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სერგო მეთოფიშვილი 2004-2007 წლებში მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, როდესაც ჩინჩალაძე მუშაობდა აქ და სწორედ ჩინჩალაძის გავლენით მოხდა მათი გამწესება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ასევე თამარ ონიანი იყო ჩინჩალაძის რეფერენტი უზენაეს სასამართლოში და მისი მეუღლე ჩინჩალაძის მეჯვარეა. ასევე დიმიტრი გვრიტიშვილი 2007-2008 წლებში უზენაეს სასამართლოში მუშაობდა ჩინჩალაძის თანაშემწედ. გიორგი მიქაუტაძე 2010 წელს იყო უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, როდესაც ჩინჩალაძე მუშაობდა უზენაეს სასამართლოში. ირაკლი ბინდარენკო და რევაზ ნადარაია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომელთა თავმჯდომარეც იყო ჩინჩალაძე.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრას არ უარყოფს. ის ადასტურებს, რომ შეხვედრა რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში გაიმართა და მას ვანო ზარდიაშვილთან ერთად, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე - ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე და ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.
საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი „კურიერთან“ ამტკიცებს, რომ ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა მეგობრებთან და მოსამართლეთა სია აქ არ განხილულა.
„შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშუეთის ეკლესიის წინ ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო - ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო, თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს, ხო?“ - განაცხადა სატელეფონო საუბრისას ზარდიაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი გვილავას განცხადებით, მოსამართლეებსა და პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირებს ერთმანეთთან ნათესაობა და მეგობრობა აკავშირებთ. გვილავა ამბობს, რომ დეპუტატები და მოსამართლეები იმდენად ახლო კავშირში არიან, რომ ისინი ერთად გეგმავენ, თუ როგორ აკონტროლონ და დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ვანო ზარდიაშვილი არის უახლოესი წრის წევრი სასამართლოს კლანის გამორჩეული წევრებისთვის. მაგალითად, ისინი ძალიან ახლოს არიან როგორც ჩინჩალაძესთან, ასევე საბჭოს მდივანთან. ესაა ერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ნათესაური კავშირებით, ნათელმირონობით, ამას გარდა დიდი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ.
„გარდა ამისა, ვიცით, რომ ჯგუფელები, კურსელები არიან ის ადამიანები, ვინც მაღალ თანამდებობაზე არიან პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ბატონი მათიკაშვილი. როგორც ჩანს, იმდენად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, რომ შემთხვევითი გამვლელებიც კი აფიქსირებენ მათ.
„ეს არ არის გასაკვირი. ისინი მართლა ერთი გუნდია. ეს არის ძალიან ახლო კავშირების მქონე ადამიანები, რომლებიც ძირითადად გეგმავენ ხოლმე სასამართლო სისტემაში სასამართლოს კონტროლის საკითხებს, როგორ აკონტროლონ და დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საკმაოდ საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა, რაც იმის დოკუმენტური დადასტურებაა, რომ პარლამენტის წევრებს და მოსამართლეებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ და ისინი მეგობრები არიან.
მისი აზრით, მურუსიძე და ჩინჩალაძე ერთ სასამართლოში მუშაობენე და კომუნიკაცია არ უჭირთ. სკვერში მისვლა მაინც და მაინც ახლა ერთმანეთთან დასალაპარაკებლად რატომ დასჭირდათ, უცნაურია.
„ამ ფოტომ დაადასტურა, რომ ეს ხალხი ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და გეგმავენ სასამართლო სისტემა როგორ მართონ. რას უნდა ველოდოთ? ცხადია, რომ ესენი სამომავლო გეგმების დასასახად იკრიბებიან და არსებულ სიტუაციას აანალიზებენ, როგორ მოიქცნენ.
„მოსამართლე მიქაუტაძეს, ვიდრე ეს ფოტო გამოქვეყნდებოდა, კითხვა დავუსვი -იცნობდა თუ არა ჩინჩალაძეს და რამე არაფორმალური მეგობრობა ხომ არ აკავშირებთ. მან კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ მხოლოდ კოლეგები არიან. თუმცა, ამ ფოტომ დაადასტურა, რომ ისინი კოლეგები კი არა, საკმაოდ ახლო მოკავშირეებიც არიან.
„ახლა ძალიან შეშინებულები არიან, უვადო მოსამართლედ დანიშვნის პროცედურები სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს და კანონში ამ კუთხით ცვლილებები უნდა მოხდეს.
„ალბათ საზოგადეობას უჩნდება კითხვა - რატომ ხვდებიან ღია ცის ქვეშ. ვინც ჩინჩალაძეს იცნობს, ის კარგად მიხვდებოდა რატომაც. ამ მოსამართლეს დახურული სივრცის შიში იმის გამო აქვს, რომ ჰგონია მუდამ უსმენდნენ ან უთვალთვალებენ. ამიტომაც საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და მუდმივად ცდილობს, რომ ფრთხილად იყოს. ალბათ იფიქრა, რომ სიბნელეში, ღია ცის ქვეშ გამვლელები ვერ იცნობდნენ, ხოლო თუ ვინმე მათ ამოცნობას შეძლებდა, იტყოდნენ, რომ ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ. ჩინჩალაძე ხალხთან კონტაქტს საკმაოდ ერიდება და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს თვლის“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ფოტოთი ახალი არაფერი თქმულა და ის არ გაგვიგია, რაც აქმადე არ ვიცოდით. თუმცა, ეს არის კიდევ ერთი იმის მტკიცებულება, რომ ჩინჩალაძე საკანონმდებლო ორგანოშიც თავისი ახლო ნათესავების მეშვეობით, სასამართლოში არსებული მისი კლანის ლობირებას ახერხებს.
მშვენიერაძე ამბობს, რომ ჩინჩალაძის კურსელები - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურდიული კომიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი, პარლამენტში ღიად და აშკარად ცდილობდნენ, რომ ამ 10-კაციანი სიის გასვლა მოხმდარიყო. ეს კი პირდაპირი ჩინჩალაძის დაკვეთა იყო.
„ეს არის ჩვეულებრივი საძმაკაცო და ეს ადამიანები წლების მანძილზე მეგობრობენ. მათ ერთმანეთთან ახლო ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. როგორც ცნობილია ჩინჩალაძემ, კობახიძემ და მათიკაშვილმა ერთ წელს ერთი და იგივე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი დაამთავრეს. ისინი კურსელები იყვნენ და უკვე დიდი ხანია მეგობრობენ. ეს ხომ დასამალი აღარავისთვის არის. მათი პარლამენტის სკევრში შეხვედრა გასაკვირიც არ იყო.
„ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემას დაეპატრონონ და ასევე სრულ კორდინაციაში საკანონმდებლო ორაგნოს შიგნითაც იყვნენ. სწორედ ეს პარლამენტარები არიან, რომლებიც ჩინჩალაძის კლანის ლობირებას ახდენენ და როგორც ვხედავთ, ამას აღარც მალავენ, ღიად, სახალხოდ ერთმანეთს ხვდებიან“, -აცხადებს „რეზონანსთან“ მშვენიერაძე.