„შესაძლოა კომპრომატებით ომი იყოს, თუმცა კომპრომატსაც ვერ დავარქმევთ ამას, რადგან რაიმე დანაშაულის დოკუმენტი კი არ არის, უბრალოდ სრულიად ნორმალური ცხოვრების ამსახველი კადრებია და დარღვეული ეთიკური ნორმები. ეკრანზე გამოტანილია ის, რაც არ უნდა იყოს გამოტანილი.
„კომპრომატებზე საუბარი ძნელია. შეურაცხმყოფელი და უსიამოვნების მიყენების მცდელობა უფრო არის, ვიდრე კომპრომატებით ომი," - აღნიშნავს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
პარლამენტის წევრის, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ვრცელდება და იგი შესაბამისი უწყებისგან პასუხებს ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას ბესელია „ფეისბუქზე" ავრცელებს.
ამ საკითხზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი ამ ჩანაწერების გავრცელება „ქართულ ოცნებას" დავუკავშიროთ?
რამაზ საყვარელიძე: ლოგიკური საფუძველი თითქოს არსებობს, მაგრამ, ამავე დროს, იგივე ლოგიკა გვკარნახობს, რომ უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნებისთვის" არის წამგებიანი ეს მოვლენა. „ოცნება" თავის თავს ხომ არ ჩააგდებდა წამგებიან მდგომარეობაში?!
არ მგონია იმდენად გულუბრყვილო იყოს პარტიის ეს ნაწილი, რომ თავისი თავის წინააღმდეგ წავიდეს. ეს „ქართული ოცნებისთვის" ნამდვილად იქნება კომპრომატი.
შესაძლოა სხვა ვერსიაც განვიხილოთ - მოსამართლეები, რომლებიც გაბრაზებული არიან. ისინი ხომ არ არიან კავშირში ამ მოვლენასთან? მოსამართლეები არიან ისინი, ვისზეც ნებისმიერი ადამიანი გაიფიქრებს. ამდენად, მათთვისაც ეს კომპრომატის შემცველია. მეეჭვება ანალოგიურ მოვლენაში მოსამართლეები ასეთ ბავშვურ შურისძიებაზე წასულიყვნენ.
ფაქტიური მასალა ჯერ გასაჯაროებული არ არის. არც ის არის გამორიცხული, რომ იყოს მესამე ან მეოთხე პირი, რომელიც სწორედ ამ მხარეებს - „ქართულ ოცნებას" და მოსამართლეებს დარტყმის ქვეშ დააყენებდა და ამ მასალას შემოაგდებდა. ვარიანტები მხოლოდ ამ ორი მხარით არ ამოიწურება.
„რ":დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიასა და ბიძინა გეგიძეს ბოდიში მოუხადა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ფაქტი და თუკი ასე მოხდა, ბოდიშის მოხდის მიზეზი რა გახდა?
რ.ს.: იქამდე კობახიძემ გარკვეული უხეშობა გამოავლინა ფოფხაძის მიმართ, რაზეც მან ივანიშვილისგან მიიღო კიდეც შენიშვნა. ბოდიში იმ კონკრეტულ სიტუაციაში წარმოშობილი დაპირისპირების ფონზე მოუხადა და არა ზოგად ფონზე, რომელიც ადრე იყო.
„რ": საუბარია, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა ახალი სიის შემადგენლობა წინა სიისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება. შესაძლოა 1-2 ადამიანის გვარი შეიცვალოს მხოლოდ. თუკი ასე მოხდა, შედეგად რას გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება?
რ.ს.: ეს მოსაზრება ადრე არასამთავრობოების მხრიდან გაჩნდა. სავარაუდოა, რომ ძალიან ცუდი იქნება ეს ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნებისთვის", უფრო კონკრეტულად იმ ახალგაზრდული ჯგუფისთვის, რომელიც ამ სიას ლობირებს.
„რ": შესაძლოა თუ არა, რომ ამ დაპირისპირებამ უფრო მწვავე სახე მიიღოს?
რ.ს.: რა თქმა უნდა, დაპირისპირება შეიძლება კვლავ მოხდეს. უბრალოდ, ჯერ გასავლელია კრიტერიუმების შემუშავების ეტაპი. ვინც სიას ემხრობოდა, ყოველ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგებოდა ადრე, ისინი ეცდებიან კრიტერიუმები სათავისოდ ჩამოაყალიბონ. მაშინ ამ კრიტერიუმების საკითხი დაპირისპირების ეპიცენტრი იქნება.
თუ გავიდა ის კრიტერიუმები, რომელიც ამ სიის შემადგებლობას უზენაეს სასამართლოში ისევ დასვამს, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ძალიან მწვავედ იქნება აღქმული და სავარაუდოა, რომ ამ მოვლენამ არჩევნების სახით იქონიოს გავლენა.