“თუ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტს, რომ არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, გამოდის, რომ ის სქიზმაში გადის რუსეთთან ერთად”
ეკატერინე ბასილაია
31.01.2019

 „რუსეთს აფხაზეთი ეკლესიურადაც ფაქტობრივად მიერთებული აქვს. სტავროპოლის მიტროპოლიტი მართავს იქ ყველაფერს. ჩვენ იქ ვერ შევდივართ და ზუსტად ესაა პრობლემა - რომ ვინც ოფიციალურად წაგვართვა ეს ტერიტორია, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად, მის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია და უფრი მეტიც, მის გვერდით დგომა გვინდა...

თუ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტს, რომ არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, გამოდის, რომ ის სქიზმაში გადის რუსეთთან ერთად და ეს უკვე კატასტროფაა,"- აცხადებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.

„რეზონანსი": კონსტანტინოპოლის დელეგაცია შეხვდა საქართველოს პატრიარქს. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს, ეს უბრალოდ ფორმალობაა თუ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ეკლესიასთან არსებობს რაიმე პრობლემა? ასევე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რას აპირებს საქართველოს ეკლესია?

გოჩა ბარნოვი: კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლები ჩადიან ყველა ეკლესიასთან სასაუბროდ, რომ წარმოდგენა ჰქონდეთ, რას ფიქრობენ და რას აპირებენ სხვები და ეს ბუნებრივია.

საქართველოშიც ეკლესიის აზრის გასაგებად ჩამოვიდნენ. თუმცა, ის განცხადებები საქართველო საპატრიარქოს მხრიდან, რომ ეს ვიზიტი გავლენას არ იქონიებს ჩვენი ეკლესიის გადაწყვეტილებაზე, არ იყო კარგი ნათქვამი. არც ერთ ეკლესიას არ მიუღია გადაწყვეტილება და სულაც არ არის ვალდებულება, რომ საქართველო იყოს პირველი, ვინც ამ ავტოკეფალიას აღიარებს.

ის განწყობები კი, რაც ისმის, სამწუხაროა. მაგალითად, მამა ანდრია ჯაღმაიძისგან გაისმა, რომ „ახალი სტრუქტურა", „ახალი წარმონაქმნი" და ეს სწორი არ არის. იმიტომ, რომ უკრაინის ეკლესია უკვე არის ავტოკეფალური, ის უკვე არის ქრისტეს სხეული და არაკორექტულიცაა ასე საუბარი და საეკლესიო ტერმინოლოგიითაც არ არის სწორი ამის თქმა.

„რ": მეუფე შიოსა და დეკანოზი ანდრიას განცხადებებიდან რა გამოიკვეთა, მაინც საითკენ იხრება საქართველოს ეკლესიის პოზიცია?

გ.ბ: რა ფრაზებიც გაჟღერდა ამ ადამიანებს მხრიდან, რომ უკრაინის ეკლესია არის სტრუქტურა და წარმონაქმნი, ეს ამ პროცესისადმი დამოკიდებულებას აჩვენებს. ეს ჩემის აზრით არის არასწორი განწყობა და არასწორი დამოკიდებულება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ.

ეს არ არის წარმონაქმნი, ეს არის ახალი ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც იხსენიებს მსოფლიო პატრიარქი. ჩვენ კი ვიხსენიებთ მსოფლიო პატრიარქს და ეს ჩვეულებრივი წესია, რომ ჩვენც უნდა ვიხსენიებდეთ უკრაინის ეკლესიას.

„რ": ხშირია საუბარი, რომ რუსეთის ეკლესიას გააჩნია წნეხის ბერკეტი - აფხაზეთის ეპარქიის სახით. მსოფლიოს საპატრიარქოს აქვს რაიმე ბერკეტი საქართველოს დასათანხმებლად?

გ.ბ: მსოფლიო საპატრიარქო არცერთი ეკლესიის შიდა საქმეებში არ ერევა. თქვენ ვერ დამისახელებთ ამის ვერც ერთ მაგალითს. აქიდან გამომდინარე, მსოფლიო საპატრიარქო დაელოდება, სანამ საქართველოს ეკლესია არ აღიარებს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ აღიარებს.

თუ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტს, რომ არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, გამოდის, რომ ის სქიზმაში გადის რუსეთთან ერთად და ეს უკვე კატასტროფაა. როდესაც რუსეთი აღარ იხსენიებს კონსტანტინოპოლს, ეს სქიზმის დასაწყისია.

„რ": საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი არგუმენტია, რომ დიფტიხში საქართველო მეექვსე ადგილზეა და ჯერ ჩვენს წინ მდგომ ეკლესიებს არ გამოუხატავთ პოზიცია უკრაინის თემაზე. ეს სწორი არგუმენტია?

გ.ბ: გასაგებია, ჩვენ წინ დგანან ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და მათ ელოდებიან. მაგალითად, კვიპროსის ეკლესიამ უკვე კეთილგანწყობა გამოხატა. ეს ნიშნავს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არც ერთ ეკლესიას არ გაუკეთებია, ამ დროს კი ჩვენთან რაღაც რუსული ფეიკი საიტებიდან ინფორმაციები ვრცელდება და ხშირად სწორედ ამ ინფორმაციებს იშველიებენ, რომ აი, ამ ეკლესიამ არ დაუჭირა მხარი, რაც ტყუილია.

ჩვენი საპატრიარქოს მხრიდან მკვეთრად არა, მაგრამ იგრძნობა დამოკიდებულება, რომ არ მიესალმებიან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ამიტომ იძახიან, რომ რაღაც სტრუქტურაა და რომ უნდა შეისწავლონ. რა უნდა შეისწავლონ, რევიზია უნდა გაუკეთონ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას?

„რ": ითქვა, რომ იერუსალიმის ეკლესიამ დაუჭირა მხარი უკრაინას, ასეა?

გ.ბ: იერუსალიმმა გამოხატა თანადგომა. იერუსალიმის პატრიარქმა თქვა, რომ ვალდებულებაა მსოფლიო საპატრიარქოსთან მჭიდრო და ძმური კავშირი. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მისაღებია და რაღაც დროის შემდეგ აღიარებას გააკეთებენ.

„რ": ვინც უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგია, საფრთხედ ასახელებს იმას, რომ აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალია შეიძლება აღიაროს რუსეთის ეკლესიამ. თქვენი აზრით, მსგავსი შანტაჟი არსებობს რუსეთიდან?

გ.ბ: ჯერჯერობით რუსეთს ამაზე არაფერი განუცხადებია, მაგრამ აფხაზეთი ფაქტობრივად მიერთებული აქვს რუსეთს, სტავროპოლის მიტროპოლიტი მართავს იქ ყველაფერს.

აფხაზეთი ისედაც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჩვენ იქ ვერ შევდივართ და ზუსტად ესაა პრობლემა, რომ ვინც ოფიციალურად წავგვართვა ეს ტერიტორია, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად, მის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია და უფრო მეტიც, მის გვერდით დგომა გვინდა.

რუსეთს კანონიკური სამართლის მიხედვით არანაირი უფლება არ აქვს ავტოკეფალია აღიაროს. ის რაც მან ამერიკაში გააკეთა, ეს არის ეთნოფილეტიზმის ერესის საფუძველზე, ამიტომაცაა, რომ ეკლესიების უმეტესობა ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალურად არ აღიარებს.

როდესაც ჩვენთან ამბობენ, რომ უკრაინის ეკლესიის აღიარებისთვის კონსენსუსია საჭირო, მინდა ვიკითხო - ჩვენი ეკლესია რატომ არ დაელოდა ყველა ეკლესიის თანხმობას ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დროს და ეს ეკლესია რატომ აღიარა და შეიყვანა დიფტიხში?! ამერიკის ეკლესია ძალიან ცოტა ეკლესიას აქვს აღიარებული.

„რ": რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს, წესით, საქართველის ეკლესიას რუსეთთან აფხაზეთში საკუთარი ეგზარქოსების გაგზავნის გარდა?

გ.ბ: მაგალითად ის, რომ რუსეთის პატრიარქი არასდროს იხსენიებს საქართველოს პატრიარქს როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. მეუფე ისაიასთან დაკავშირებით ქმნიდა პრობლემებს და ახლაც, გამოუშვეს ახალგორიდან და უკან აღარ უშვებენ.

ყველანაირად დაცინვაა რუსეთის მხრიდან, ჩვენ კი ვამბობთ, რომ დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო. თავმოყვარე ერი ამგვარ რამეს არ გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×