ელზა პაპოშვილი
31.01.2019

 განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. თუმცა „რეზონანსთან" ექსპერტები თანხმდებიან, რომ სკოლა არა გამოცდაში მაღალი ქულის მიღებაზე, არამედ აზროვნებისა და ანალიზის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ გამოსაშვები გამოცდები არაეფექტურია და ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებენ. მათი აზრით, განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა მისაღებია, თუმცა არასაკმარისი რაიმეს გასაუმჯობესებლად.

ნაწილი მათგანი კი უნარების გამოცდის გაუქმებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს და ამბობენ, რომ პირველ რიგში ეს ცვლილება ღარიბ აბიტურიენტებს დაარტყამს. ისინი ფიქრობენ, რომ შევარდნაძის დროინდელი მექრთამეობის აღმოფხვრა სწორედ ეროვნული გამოცდების და პირველ რიგში უნარების გამოცდის დამსახურებაა და, ამ მხრივ, უკუსვლა არ უნდა დავუშვათ.

განათლების სისტემის ახალი მოდელის თანახმად კი მნიშვნელოვნად შეიცვლება ის წესები, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, შეიცვლება მათთვის ატესტატის მინიჭების წესიც. სამინისტრო დღეს მოქმედ საატესტატო გამოცდებს გააუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს სკოლის დამამთავრებელი საბუთი არა - სტანდარტიზებული გამოცდის, არამედ სკოლის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე გადაეცემათ.

2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.

2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, არჩევით საგანში ჩაჭრის ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში. ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).

უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგეგმილ დიდ ცვლილებებს „რეზონანსთან" აფასებს. ზურაბიშვილი 2019 წელს მე-11 კლასელების საატესტატო გამოცდების აღარ ჩაბარებას და ასევე 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევას მიესალმება.

მისი აზრით, ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოსნაირ სასწავლო სისტემას არაფერში სჭირდებოდა და ეს მხოლოდ ფუჭი დროის და ფინანსების ხარჯვა იყო. ასევე, ფიქრობს საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ მისი გაუქმება საშუალო განათლების სისტემას ვერც დააზიანებს და ვერც გააუმჯობესებს.

„სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რომ ზოგადი უნარების ჩაბარება უნივერსიტეტებისთვის ნება-ყოფილობითი გახდა. ეს მაინც სრულად გაუქმება არ არის. უბრალოდ სავალდებულო აღარაა. საერთოდ, ასეთი ტესტები ევროპის არცერთ ქვეყანში არ გამოიყენება. ეს გამოიყენება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს ტესტები იქაც იმის გამო იქნა მოფიქრებული, რომ ამერიკაში სასკოლო პროგრამები ძალიან დეცენტრალიზებულია და ერთიდაიგივე საგანს სრულიად განსხვავებულად სწავლობენ. უნივერსიტეტში ამ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ მიღების სტანდარტული და ერთნაირი წესი ყოფილიყო, ამიტომ მოიფიქრეს ეს უნარჩვევების ტესტები. ესენი არ იყო იმისთვის შემოღებული, რომ ამით დაედგინათ, რომელი უფრო ნიჭიერი იყო ან არ იყო", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, როდესაც საქართველოში ამ ტესტების შემოტანა გადაწყვიტეს, ის მაშინაც ხელისუფლებაში იყო, განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამიტომაც ამ ტესტების შემოღების მოხმრე მაშინაც არ იყო.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ერთიანი სასწავლო გეგმა არსებობს და საგნები ყველა სკოლაში სტანდარტულად ისწავლება, იქ ასეთი ტიპის ტესტების შემოღება უბრალოდ უაზრობაა.

„ჩვენ თუ მოსწავლის ცოდნის გაგება გვინდა, იგივე ქართულში გავაკეთოთ საგამოცდო ტესტები და იქ ჩავდოთ ასეთი კითხვები. მითუმეტს უნარების ტესტი სხვა საგნების ჯამის განმსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო. ანუ ბავშვი თუ უნარებში მაღალ ქულას არ მიიღებდა, საგნებში რაც გინდა კარგი ქულები მიეღო, მაინც ვერ ხვდებოდა სასწავლებელში სადაც უნდოდა და ქულები აკლდებოდა.

"გარდა ამისა, მისი მენეჯმენტიც კი ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, დამზადება, ჩამოტანა, გაყიდვა და ამის შესაბამისი მოგება არ არის. არანაირი კვლევა არ არსებობს, რომ ვინც უნარების ტესტს აბარებს ის კარგი სტუდენტი იქნება",-აცხადებს ზურაბიშვილი „რეზონანსთან".

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი ფიქრობს, რომ მე-11 და მე-12 კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებით განათლების ხარისხი ქვეყანაში მკვეთრად დაეცემა.

შაშკინი ამბობს, რომ ახალი რეფორმით სკოლებში და უმაღლეს სასწავლებელში კორუფციის დაბრუნება შეიფუთა. მისი აზრით, განათლების სამინისტროს მთავარი მიზანი უნდა იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მან ვერ მოისმინა ერთი არგუმენტი მაინც, როგორ შეიძლება, გამოცდის გაუქმებით გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი.

„ ვერ გავიგე რა უშლიდა „ქართულ ოცნებას" ხელს შვიდი წლის განმავლობაში განათლების ხარისხი გაეუმჯობესებინა. არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ გამოცდა უშლიდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს. განათლების სამინისტროს რეფორმას ძალიან ბევრი უარყოფთი შედეგი მოჰყვება.

"რეალობა იქნება, ბევრად უფრო მძიმე ვიდრე ბევრს ჰგონია. პირველი, რასაც საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოჰყვება, ეს იქნება ის, რომ ბავშვები სკოლაში საერთოდ აღარ ივლიან. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო განათლების ხარისხი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

"განათლების სამინისტრო თავისი ნაბიჯით ყველაფერს აკეთებს, რომ დააკნინოს სასკოლო განათლება და სასკოლო განათლება იყოს უბრალო დანამატი უმაღლესი განათლების. რაც ფუნდამენტალურად არასწორია.

"სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ იყოს წარმატებული ადამიანი. მთელს მსოფლიოში არის კონსესუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არც ერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება",-აცხადებს შაშკინი.

მისივე თქმით, კორუფცია დაბრუნდება განათლების სისტემაში იმის გამო, რომ ნიშნებს ბავშვი მიიღებს, რომელსაც დაუწერს მასწავლებელი. შაშკინი ამბობს, რომ ჩვენ ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ქრთამს იღებს.

როდესაც საატესტატო გამოცდები იყო, ვერავინ გაბედავდა ყალბი ნიშნის დაწერას, რადგან ყველამ იცოდა, რომ გამოცდა აჩვენებს რეალურ ცოდნას ბავშვის და განათლების სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ენახა, როგორ სწავლობენ ბავშვები საქართველოს ყველა სკოლაში.

პოლიტოლოგი და ასევე განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია "გამოსაშვები გამოცდების" რაოდენობის შემცირებას ეთანხმება, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას გაუმართლებელს უწოდებს. ის ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება "აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია".

"უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო "დემოკრატიულია" იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება", - აცხადებს ნოდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×