თამარ შუკვანი
31.01.2019

 „როგორც კი მაკედონიამ დიდი ბრძოლის შედეგად თავისი ქვეყნის სახელწოდების შეცვლა მოახდინა, მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება პრობლემას აღარ წარმოადგენს და შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს მისი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) წევრობის რეალური კანდიდატი გახდა; იგი 2020 წლის გაზაფხულზე ალიანსის რიგით 30-ე წევრი იქნება. ნატო-ს ქვეყნების ელჩებმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი დაამტკიცეს. ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს.

პროტოკოლის ხელმოსაწერად ალიანსში ნატო-ს წევრი ქვეყნების 29 წარმომადგენელი თავიანთი ქვეყნების ნებართვას ელოდებიან. პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, ის ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებს რატიფიცირების მიზნით დაეგზავნება.

მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა უახლოეს დღეებში იგი უკვე ცნობილი გახდება, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მაკედონიის შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების შანსი რომელ სახელმწიფოს აქვს, ვინ იქნება შემდეგი?

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია იმ ფაქტს, რომ შემდეგი საქართველო იყოს, არ გამორიცხავს.

„ფორმალური რიგი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, რომ საქართველო მოიაზრება ერთ-ერთ კანდიდატ სახელმწიფოდ, თუმცა, ეს საკითხი კონკრეტულად არ არის დაკავშირებული გაყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების მიღებასთან. უკრაინისა და საქართველოს კონტექსტი განსხვავებულია.

„იმ შემთხვევაში თუ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ხელს შეგვიწყობს, არ არის გამორიცხული, რომ მათი რიგიც დადგეს. საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოლიტიკური პრობლემები," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების წევრობის რეალური შანსები, - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და უკრაინას აქვთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი შანსები ამ კუთხით იზრდება. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების შანსები აქვთ. ეს არის სამი მოჰიკანი ქვეყანა, რომლებიც მიდიან და აპირებენ ნატო-ში გაწევრიანებას, - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა, - მაკედონიის შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდებიან," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისათვის, 25 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხება დაამტკიცა, - მაკედონიას ამეირიდან რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. შესაბამისად, საბერძნეთი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას არ დაბლოკავს. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება 2020 წლის გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×