ელზა პაპოშვილი
31.01.2019

 ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც  მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდები მათ მეზობლად რამდენიმე თვის წინ ქირით გადმოვიდნენ და ისინი მშენებლობაზე მუშაოდ მუშაობდნენ. ახალგაზრდებს შორის გარდაცვლილია, შუახნის მამაკაციც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდის მამაა. ასევე გარდაცვლილები არიან ძმები. 

მამაკაცები გაზით გაგუდული მათივე  თანამშრომელმა დილით აღმოაჩინა.  ახალგაზრდების  ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი სამსახურში არ მივიდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი მათ სახლში მივიდა და უკაკუნებდათ,ხოლო  მათ ხმაურზე რეაგირება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ  ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაღაც ხდებოდა და კარის შეტეხვა მოახერხეს. სახლში შესვლისას კი ნახეს, რომ 7 ადამიანი საწოლში გარდაცვლილი იყო.  

მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში ღია ტიპის გამათბობელი იყო. „ყაზტრანსგაზში“ კი აცხადებენ, რომ ამ ბინაში გამათბობლის გამო გაფრთხილება არა ერთხელ მოხდა და მათ გაზის მიწოდებაც კი შეუწყვიტეს. თუმცა როგორც ჩანს ბინაში  გამათბობლით ხმარება მაინც ხდებოდა.  კომპანიაში ამბობენ, რომ ბინის მფლობელი გააფრთხილეს  და მათ ამის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლიათ.  

„არ ვიცი არ ვიცნობდით ვინ იყვნენ. ერთი კი ვიცით, რომ აქ ქირით ცხოვრობდნენ. მშენებლობაზე მუშაობდნენ და რაიონიდან იყვნენ ჩამოსულები. 7 ადამიანს ერთი ოთახი ჰქონდა ნაქირავებელი. ამბობენ, რომ სახლში ღია წვის გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული. მათ პოვნა დღის 11 საათზე მოხდა. მუშების მოსაძებნად მათი თანამშრომელი მოვიდა. უკაკუნებდათ და კარს არავინ აღებდა.  

მერე ტელეფონზე ურეკავდათ და ზარის ხმა სახლიდან რომ ისმოდა დავეჭვდით. კარი შევანგრიეთ და 7 კაცი გარადაცვლილი საწოლში ვნახეთ. ოთახში იყო საშინელი გაზის სუნი. გარეთაც ცუდი სუნი იდგა. გვეგონა ვიღაცას საჭმელი დაეწვა. თურმე ეს საცოდავები გარდაცვლილან. ამბობენ, რომ ორი მამა-შვილი არიან და ძმები,  დანარჩენი მემგონი ერთი სოფლიდან უნდა იყვნენ. 6 ახალგაზრდა და ერთი შუახნის მამაკაცი იყო“,-აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი გივი მამიაშვილი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი დაიწყო, რაც  ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.  

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×