„ქართული მხარის გადაწყვეტილება, რას აპირებს და როგორ გეგმავს, არ ვიცი, -სახელმწიფოს გამოკვეთილი ნება ჩვენ არ გვაქვს. ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადაციაზე. მისი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ვერ მოიქცევა," - ამის შესახებ საქართველოში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა.
მისი თქმით, ბრიტანულ მხარეს ოფიციალური განცხადებით შეფერდის გადაცემასთან დაკავშირებით, არ მოუმართავს, თუმცა მისი დაკავების შესახებ მომართვა სწორედ ამას ნიშნავს.
„ბრიტანული მხარის ოფიციალური მოთხოვნა მის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს. შესაძლებელია ეს კონფიდენციალურად მიიღო სახელმწიფომ, მაგრამ ის, რომ რამდენიმე თვით ადრე მომართვა იყო დაეკავებინათ ჯეკ შეფარდი, ეს ფაქტია. შესაბამისად, რადგან მოთხოვნილ იქნა მისი დაკავება, იქვე ავტომატურად იგულისხმება მისი ექსტრადაციაც განხორციელდეს," - აღნიშნა მან.
ჯეკ შეფერდმა დაჩქარებული წესით ექსტრადაციაზე უარი განაცხადა და დაკავებული ამ დროისთვის საქართველოშია.
კუბლაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა გადაწყევეტილება ემოიცურ ფონზე იქნა მიღებული და მისი თქმით, სასამართლო მხოლოდ ფაქტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღებს ვერდიქტს.
„ეს საქმე განიხილეს ნაფიცმა მსაჯულებმა, - ვერდიქტი მათ მიიღეს და არა სასამართლომ. როდესაც მსაჯულები გადაწყვეტილებას იღებენ, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ მტკიცებულებების დაყრდნობით არ იღებენ ვერდიქტს, არამედ მათი ფსიქო-ემოციურ მდგომარეობის გათვალისწინებით, - როგორი შთაბეჭდილება რჩებათ, როგორ წარიმართება პროცესი და ა.შ.
„საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჯეკი იმ დროისთვის გაქცეული იყო, მსაჯულები ბრაზდებიან და დადებით გადაწყვეტილებას არ იღებენ. ეს გამოიყენება მხოლოდ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. დასაბუთებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ამ დროისთვის ველოდებით, რის საფუძველზე გამოიკვეთა ეს გაუფრთხილებლობა.
„შემთხვევა, რადგანაც მდინარეში მოხდა, უნდა გავრცელდეს ზღვის კანონმდებლობა; როგორც კაპიტანი შეიძლება დაისაჯოს ნებისმიერი სახის მუხლით, გაათანაბრეს და გაუტოლეს ნავზე მომხდარ ამ შემთხვევას, სადაც ჯეკი საჭესთან არ ყოფილა, ლიცენზია არ იყო საჭირო, არანაირი აკრძალვა არ იყო, რომ შარლოტა მჯდარიყო საჭესთან.
„საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, ჯერ გადაწყვეტილება არ ვიცით. სასამართლომ მიიღო წარმოებაში და უფრო მტკიცებულებების დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ემოციურ ფონზე. მედიასაშუალებებმა ძალიან ცუდად გააშუქეს ჯეკის პიროვნება და ამან იმოქმედა მსაჯულებზე.
„ბრეივიკს არ მიასაჯეს უვადო პატიმრობა, სერიულ მკვლელს, რომელმაც ათობით ბავშვი ჩაცხრილა და შესაბამისად, პარალელის გავლება ამ ადამიანთან და მისი პერსონის ასე დეჰუმანიზება, საკმაოდ გადამეტებული მგონია," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ცნობისათვის, ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეფერდი ირწმუნება, რომ კატერს ის კი არა, შარლოტა მართავდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს; უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.