ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას უნივერსიტეტის ერთპიროვნულად, პირადი ინტერესებითა და ამბიციებით მართვაში ადანაშაულებენ მის მიერ გათავისუფლებული პროფესორები. მათი განცხადებით, ზედანია მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც მისი მორჩილი არ არის და რაიმე კრიტიკას გაახმოვანებს, ან რეიტინგული პროფესორია, ან ყოფილ რექტორ, გიგი თევზაძესთან კარგ ურთიერთობაშია შემჩნეული და ასეთ ადამიანებს ნელ-ნელა სამსახურიდან უშვებს. ეს უსამართლო დანიშვნა-მოხსნები კი წლებია გრძელდება.
ამჯერად, ილიას უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორებმა გიგა ზედანიას მიმართ პრეტენზიებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ილიას ბიზნეს სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს "მომზადებული" ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი", - წერს ქადაგიძე „ფეისბუქში".
ის აცხადებს, რომ პირადი მიზეზის გამო მეტის თქმა არ შეუძლია და პრობლემების ჩამონათვალის შესახებ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილი წერილის შინაარსს ასაჯაროებს. წერილში კი ჩამოთვლილია პრობლემები, რის გამოსწორებასაც ქადაგიძე უნივერსიტეტის მმართველობისგან ითხოვს.
პასუხად, „ფეისბუქში" უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ დაწერა, რომ 2019 წელს სტრუქტურულ რეფორმას ახორციელებენ, რომელზე ლაპარაკი ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა პროცესში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა.
„გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია. შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ," - წერს ზედანია.
თუმცა სწორედ ამის შემდეგ გიგა ზედანიას მიმართ პრეტენზიები სხვა პროფესორებმაც გაიხსენეს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი ჯანაშია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტში დემოკრატია არ არსებობს და პრაქტიკულად ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი გიგა ზედანია.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში „ჩვეულებრივ მოვლენად იქცა პირადი კინკლაობა და პატარ-პატარა შურისძიებები" და ყველას, ვინც ზედანიას რაიმეში არ დაეთანხმება, უშვებენ.
„ადამიანის დანიშვნა და გაშვება ერთი კაცის, რექტორის სურვილებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, უნდა იყოს ან პრინციპებზე დაფუძნებული, ან პროცედურებზე, ან ორივეზე ერთად. სამწუხაროდ ასე არ ხდება,"- აღნიშნავს ჯანაშია.
ჯანაშია ამბობს, რომ პრობლემა ბევრია: ერთი - უნივერსიტეტს მართავენ ადამიანები, ვისაც მართვის უნარები არ გააჩნიათ, მეორე - ღირებულებების პრობლემაა, როდესაც ადამიანს თავი შეუცდომელი ჰგონია, რომ უნივერსიტეტი არიას თავად და არა საუნივერსიტეტო საზოგადოება და მესამე - ეს არის პროფესორების პრობლემაც, რომლებიც სამსახურს დაკარგვის შიშით კრიტიკულს არაფერს ამბობენ.
მისი თქმით, ზედანია წყვეტს, რა ფაკულტეტები იარსებებს, ვინ იქნება პროფესორი, ვის რა ხელფასი ექნება, ვინ რა წიგნს გამოსცემს, რომელ პროფესორს რა მოთხოვნები ექნება წაყენებული. ეს არის ადგილი, სადაც ტელეფონით გატყობინებენ, რომ თურმე კონტრაქტს აღარ გიგრძელებენ, სადაც შეიძლება სამსახურში მისულმა აღმოაჩინო, რომ ოთახი აღარ გაქვს და სამუშაო მაგიდის გამოყოფაზეც უარს გეუბნებიან პროფესორს. ეს არის ადგილი, სადაც რექტორს ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც მას არ ეთანხმებიან და სამარცხვინოდ იყენებს მათ წინააღმდეგ თავის ძალაუფლებას.
„არის შემთხვევები, როდესც ადამიანებს პროგრამები დაუხურეს ისე, რომ არ შეუტყობინებიათ მათთვის, ან თანამდებობები საერთოდ გააუქმეს იმისთვის, რომ თავიდან მოეშორებინათ ეს ადამიანი. იყო პრობლემები, როცა ბიბლიოთეკის მთელი მენეჯმენტი გაუშვეს სრულიად უაზრო მოტივაციით დ ა.შ.პირადად მე 3 წლის წინ გამომიცხადეს, რომ ვეღარ ვაკმაყოფილებდი ასოცირებული პროფესორის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსით მანამდე მრავალი წელი ვმუშაობდი. ჯერ მოიტყუეს, რომ კანონი არ აძლევდათ ამის უფლებას, მას შემდეგ რაც კანონი განვუმარტე, მოიტყუეს, რომ საუნივერსიტეტო გადაწყვეტილება იყო ასეთი და ვერ ვაკმაყოფილებდი რაღაც კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც არც სხვას ექნებოდა მუშაობის უფლება, თუმცა იმავე პერიოდში სწორედ იგივე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლად აჰყავდათ სხვა ადამიანები სხვა მიმართულებებზე. სამწუხაროდ ასეთი მმართველობაა," - ამბობს ჯანაშია.
ზედანიასთან პრეტენზიები აქვს პოეტს, ფილოლოგიის პროფესორს ცირა ბარბაქაძეს. მისი თქმით, ეს უსამართლობა ილიას უნივერსიტეტში გიგა ზედანიას რექტორობის პირველივე წლებიდან დაიწყო.
„ჯერ დაიწყო გიგი თევზაძის მიმდევრებთან დაპირისპირებით. მაშინ როდესაც ზედანია ძველი რექტორის, გიგი თევზაძის წარდგენილია, რატომღაც პირველივე დღეებიდან გაუჩნდა თევზაძის შიში, რომ დაიბრუნებდა ძალაუფლებას და ყოფილ რექტორს გაებუტა, არ ელაპარაკება. ამას მოჰყვა კასკადი, როდესაც პროფესიონალები გაუშვა თანამდებობიდან. წმენდაში მოჰყვა ბევრი პროფესორი, რომლებზეც ეჭვი ჰქონდა, რომ თევზაძის მომხრე იყო. ამას შემდეგ პირადი მოტივებიც დაერთო. მაგალითად, რაიმეთი გამორჩეული თუ იყო პროფესორი, ან თავისუფალი აზრი გამოხატა, ან მაღალრეიტინგული იყო და გავლენა ჰქონდა სტუდენტებზე, ფაქტობრივად ნელ-ნელა ყველა გაუშვა უნივერსიტეტიდან. ჩემი რეიტინგიც შეგიძლიათ ნახოთ, სტუდენტურ გამოკითხვებში ძალიან მაღალი რეიტინგი მაქვს, ჩემს ლექციებზე ძალიან ბევრი თავისუფალი მსმენელი იყო, რეიტინგული კურსები იყო, მაგრამ ერთ დღეს რექტორმა და დეკანმა გადაწყვიტეს, რომ გავეშვით," - აცხადებს ბარბაქაძე.
მისი თქმით, ცხრილი შედგენილი ჰქონდა, როცა გაიგო, რომ გაუშვეს. ისიც, მას შემდეგ, როცა სტუდენტებმა დაურეკეს, თქვენს საგანზე წვდომა არ გვაქვსო.
„კადრებში დავრეკე და იქ მითხრეს, რომ ფაკულტეტმა გააუქმა თქვენი საგანი და ჩვენი პროფესორი არ ხართ და ამის შეტყობინებას მეილით ვაპირებდითო. ეს იყო ზედანიას პირადი გადაწყვეტილება, ყოვლად სამარცხვინო და უნიათო რექტორის, იმიტომ რომ, სტუდენტობაზე დიდ გავლენა მქონდა," - ამბობს ბარბაქაძე.
ბარბაქაძის თქმით, ძალიან ბევრი პროფესორი გათავისუფლდა, ზოგმა არ გაამჟღავნა, მცირე ნაწილმა იჩივლა და სასამართლოც მოიგო.
„მაგალითად, სამართლის ფაკულტეტის დეკანობიდან გათავისუფლებულმა გიორგი თუმანიშვილმა სასამართლოში დავაც მოიგო და კომპენსაცია გადაუხადეს. ასევე სასამართლო მოიგეს ქეთევან ჯაშმა, ნათია ბახტაძემ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მიშვებულია ერთი გონებაშეზღუდული, ამბიციური კაცის ბედად, რომელიც პირადი შეხედულებებით წყვეტს - ამას სიკვდილი და ამას ჩამოხრჩობა და ამას სტუდენტების ინტერესებიც ეწირება. სახელმწიფომ ეს უნდა მოაგვაროს," - დასძენს ბარბაქაძე.