„ბევრი საკითხი, როგორც პრეზიდეტის მხრიდან, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან იქნა გაჟღერებული. მონაწილეები ბევრ თემას შეეხნენ, მაგრამ მთავარი კითხვა, რაზეც უნდა მიგვეღო პასუხი, - რას გვთავაზობენ, რა ტიპის ცვლილებაზეა ლაპარაკი, - ეს ვერ მოვისმინეთ, სამწუხაროდ," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
პირველმა შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, - პრეზიდენტის სასახლეში, ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებისა და მესამე სექტორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, რომლის ინიციატორი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და შეხვედრის ეს იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ზურაბიშვილმა დარბაზი არასამთავრობო სექტორთან მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დატოვა, - პრეზიდენტი აღნიშნულ შეხვედრას არ დასწრებია.
ზოგადად, რას მოიცავს აღნიშნული ცვლილება და შესაძლოა თუ არა ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, სალაძის თქმით, ეს ცვლილება ამას გამორიცხავს.
„ერთადერთი, რაც არის, - კრიმინალიზაციაზე არ არის საუბარი, - ადამიანებს ამის გამო ციხეში არ ჩასვამენ, თუმცა სხვა ტიპის სანქციები - მოცულობა, მასშტაბი, პერიოდულობა - მნიშვნელოვანია.
„მგონია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიამრთულებით. თუ ხელისუფლებას რაიმე ფორმის გაუმჯობესება სურს, ისაუბრონ ამ თემაზე. სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილისგან უარყოფილი იქნება."
სულხან სალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოლოდინი იმისა, სხდომაზე განსახილველი თემები არასამთავრობო სექტორის მოწონებას დაიმსახურებდა, არ ჰქონია, თუმცა, მისი თქმით, უფრო მკაფიო მოსაზრებები და არგუმენტები უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი.
„არ მქონდა მოლოდინი, რომ ისეთ თემებზე ისაუბრებდნენ, რომელიც საია-ს მხრიდან მხარდაჭერას მოიპოვებდა, მაგრამ შეხვედრისას მკაფიო შეტყობინებები უნდა იყოს, თუ რას ვთავაზობთ ადამიანებს. ჩვენც ამის მიხედვით უნდა დავგეგმოთ ჩვენი კონკრეტული სტრატეგია - მისაღებია, არ არის მისაღები, რა მიზანს ემსახურება და ა.შ. თუ ეს ამ ფორმატში იქნება, ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრის აზრს," - დასძინა მან.